ზურაბიშვილი: დღეს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა

3 hours ago 2

„დღეს რეალურად დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება“, — განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში რეპრესიების გაძლიერების პარალელურად, უცხოელმა პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა ივანიშვილის რუსული ყაიდის რეჟიმზე.

„მივიღე ევროკავშირის ელჩები და მათთან ერთად იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ წარდგენილი ე.წ. პარლამენტში. დღეიდან მათი მანდატები გაუქმდა. ერთ-ერთი გზავნილი და თემა ჩვენი ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ დღეს რეალურად დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება, რამეთუ აღარ არის დარჩენილი პოლიტიკური სივრცე. პარლამენტი თავისთავად არჩევნებიდან მოყოლებული აღარ არის პოლიტიკური სივრცე, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება დაცული აღარ არის, არც გამოხატვის უფლება, არც შეკრების უფლება… ამიტომ ლაპარაკი პოლიტიკური ცხოვრებაზე წარმოუდგენელია, სანამ დაინიშნება არჩევნები. დღეს ვერავინ იტყვის როგორ დაინიშნება არჩევნები, მაგრამ ეს მოხდება ზეწოლების შედეგად. იმიტომ რომ არ არსებებს ქვეყანა და ისტორიული მაგალითი, რეჟიმმა, რომელიც სრულიად იზოლირებულია თავისი მოსახლეობიდან და პარტნიორებისგან, გააგრძელოს მმართველობა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო არაა რუსეთი ან ირანი, რომელსაც შეუძლია დიდი ხნით გაუძლონ სანქციებს ან ჩაიკეტოს.

„ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას. მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული კანონები. არც საგარეო პოლიტიკა არსებობს — დაყვანილია ოღონდ ვიღაცისთვის ხელის ჩამორთმევაზე და ვიზიტებზე, საიდანაც არაფერი მოდის ეკონომიკა არ არსებობს, ინვესტიციები გაჩერებულია და აქაც გვაქვს ვითომ პოლიტიკა, ვითომ მემორანდუმი, რომელმაც ვითომ მილიარდები უნდა შემოიტანოს. ეს არის ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს პოლიტიკა, ამდენად ვინც ითხოვს ან ოპოზიციისგან, ან საზოგადოებისგან, ან ზოგჯერ პრეზიდენტისგან, რა გეგმა და პოლიტიკა გაქვთ ეს არის აბსურდული კითხვები. ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, სადაც შეიძლება მხოლოდ ბრძოლა. ეს ბრძოლა გაშლილია ყველა ფრონტზე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისგან არის ბევრი კრიტიკა „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ ჯერ არაა მიცემული სრული კვალიფიკაცია, რომ ეს არის რუსული ყაიდის დიქტატურა. მისი თქმით, დასავლეთისგან უნდა გაძლიერდეს ზეწოლა ახალი არჩევნების ჩატარებაზე .

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასევე ყოველდღიური მოთხოვნა უნდა იოს სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

„რეპრესიული რეჟიმები ამ მოთხოვნა იმთავითვე არ აკმაყოფილებენ, მაგრამ ზეწოლა უნდა იყოს ყველა მიმართულებით; ზეწოლა უნდა იყოს იმ ქართულ ბიზნესზე, რომელმაც დღეს ჯერ არ გაიგო, რომ მისი ბედი არის დაკავშირებული ამ ქვეყნის ბედთან და არა — რუსეთთან; ზეწოლა უნდა იყოს საზმაუს მიმართ, რომელიც იყო დაკავშირებული ევროპულ ბორდთან და იქიდანაც უნდა იყოს ზეწოლა, რომ შეწყდეს შიდა რეპრესიები, რომელიც უკვე ყველ უწყებაშია. როგორც უმაღლესი მთავარსარდლისთვის, ჩემთვის სრულიად მიუღებელია რაც გამოცხადდა, რომ ეს რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს ასევე თავდაცვის სამინისტროს და უწყების პოლიტიზება მოხდეს. მინდა მივმართო სამხედრო ძალებს: მე ბოლომდე ვიქნები მათ გვერდში, რომ ჰქონდეთ ყველანაირი საშუალება და უფლება, ეს ქვეყანა დაიცვან“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად წაკითხვა