ზურაბიშვილის თქმით, 29 დეკემბრამდე არ იტყვის, რას გეგმავს ყაველაშვილის „არელეგიტიმური ინაუგურაციის“ შემდეგ

16 hours ago 4

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ გასცემს პასუხს კითხვაზე, თუ რას გეგმავს კვირას, 29 დეკემბერს, მე-6 პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურის შემდეგ.

„ეს ის ერთი შეკითხვაა, რომელსაც არ გავცემ პასუხს“, - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 დეკემბერს ბრიტანულ პოდსკასტში, The Rest Is Politics (ქართულ ენაზე - „დანარჩენი პოლიტიკაა“).

მისი თქმით, საჭიროა, რომ კვირა დღის მისეული გეგმები „ცნობილი გახდეს, - განსაკუთრებით მმართველი პარტიისათვის, - კვირა დღეს და არა მანამდე“.

„მთავარი ის არის, რომ ჩემთვის - ამ არალეგიტიმური არჩევნების გამო და პარლამენტის არალეგიტიმურად მოწვევის გამო - ეს ინაუგურაცია არ არის ვალიდური. მე ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, - განაცხადა მან.

რამდენიმე საათით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, - რომელსაც სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები, ასევე, საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - განაცხადა:

„ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი. ძალიან ცუდი სურათი იქნება, ჩვენ რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი“.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი წინა მსგავსი განცხადება იყო „პრევენცია“ და არა მუქარა. „ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

„მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მაინც გონივრულად იმოქმედებს სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

29 დეკემბერს იწურება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ვადა. უცნობია, გავა თუ არა ზურაბიშვილი სასახლიდან, ბიძინა ივანიშვილის რჩეულის, ყოფილი ფეხბურთელის, მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ.

2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, - რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობენ, - „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, უყარა.

„აქ ვარ და აქ ვრჩები“, - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წინა საღამოს და მეექვსე პრეზიდენტად ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.

სრულად წაკითხვა