18 წლის ომარ ოკრიბელაშვილისა და 23 წლის საბა მეფარიშვილის საქმის სხდომა ისევ გადაიდო. ეს ნიშნავს, რომ პატიმრობის მისჯის შემთხვევაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მათი შეწყალების შესაძლებლობა აღარ ექნება.
ოკრიბელაშვილის ადვოკატმა, დავით სანაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ გადადების საფუძველი პროკურორ ნუგზარ ჩიტაძის მოუცლელობა გახდა.
“პროკურორს აქვს განცხადება დაწერილი, რომ საგამოძიებო მოქმედებებში ვიღებ მონაწილეობას უწყვეტად და ვერ გამოვცხადდებიო”,- ამბობს ადვოკატი.
სხდომების თარიღი წინასწარაა განსაზღვრული. მომდევნო სხდომა 6 იანვარს იყო ჩანიშნული. თუმცა, სანაძის თქმით, არც ეს სხდომა ჩატარდება და საქმის განხილვა 13 იანვრიდან გაგრძელდება.
ოკრიბელაშვილისა და მეფარიშვილის საქმის განხილვა აქამდეც არაერთხელ გადადებულა. ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც აქამდე იცავდა მათ ინტერესებს, მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ გადაწყვეტილების გამოცხადება განზრახ ჭიანურდება, რათა ზურაბიშვილს შეწყალება ვერ მოესწრო.
ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელაბაში არსებული რკინის ჯებირზე, რომელიც პარლამენტის შესასვლელთან იყო დამაგრებული. ჯებირი ღირებულება 250 ლარი იყო, მისი შეკეთება კი უწყებას 150 ლარი დაუჯდა. სახელმწიფოსთვის მიყენებული ჯამში 400-ლარიანი ზიანის გამო, რომელიც უკვე ანაზღაურებულია, ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ისინი ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ – ამბობენ, რომ ჯებირი დააზიანეს, თუმცა უარყოფენ ჯგუფურად მოქმედებას. ადვოკატები მოითხოვდნენ, ერთი მხრივ მათ ბრალდებას მოეხსნას ჯგუფურობის კვალიფიკაცია, მეორე მხრივ კი მოსამართლემ გაითვალისწინოს ბრალდებულთა ასაკი, კონტექსტი, წარსული საქმიანობა და განუსაზღვროს მიყენებული ზიანისა და ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისი სასჯელი.
ამავე თემაზე: