WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს პროკურატურამ ცხოველთა დამცველ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა. მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავა - მას ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას: პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

ახლა კი დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა.

რას ამბობს გამოძიება?

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა:

  • „მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით“.
  • „მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია“.
  • „ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს“.
  • „დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“.
  • „დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია“.

პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი „განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა“.

„აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალა განახლდება