თამაშს სანიოლიც დაესწრო - ვინ არის 3 კანდიდატი, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში დაწინაურება შეუძლიათ

1 month ago 20

გუშინ ღამით საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი პოლონეთთან დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებით გახსნა.

აღსანიშნავია, რომ თამაშს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლიც ესწრებოდა, რომელიც ეროვნულ გუნდში დასაწინაურებელ კადრებს აქტიურად აკვირდება.

გთავაზობთ სამ რეალურ კანდიდატს, რომლებსაც თავიანთი თამაშით მთავარ გუნდში მოხვედრა შეეძლებათ:

ლუკა ხარატიშვილი

22 წლის ლუკა ხარატიშვილი ქართველი მეკარეების წარმატებულ ხაზს აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილის ეპოქაში მეკარის პოზიცია ხელშეუხებელი ჩანს, ახალგაზრდა ლუკა ხარატიშვილი და მისი პროგრესი აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს. ლუკა ახლა დინამო ბათუმშია და პრაქტიკას რეგულარულად იღებს, 21-წლამდე ნაკრების წარმატებაში კი მისი წვლილი მართლაც განუზომელია. რად ღირს მხოლოდ იმის ხსენება, რომ ევროზე გასასვლელი პლეიოფის ფინალურ შეხვედრაში ლუკამ ხორვატიასთან პენალტების სერიაში ორი 11-მეტრიანი მოიგერია, პოლონეთთან გუშინდელ მატჩში კი ბოლო წუთებზე გუნდს 3 ქულა შეუნარჩუნა!

საბა ხვადაგიანი

ნელ-ნელა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია კარიერის ბოლოსკენ გადის და მისი გზის გამგრძელებელი დინამო თბილისის უკანახაზელი, საბა ხვადაგიანი უნდა გახდეს, რომელსაც გუშინ არაჩვეულებრივი შეხვედრა ჰქონდა. 22 წლის ასაკში საბას სრული დატვირთვით აქვს უკვე კაპიტნის მოვალეობები შეთვისებული, რასაც უშუალოდ თამაშის მსვლელობისას შესანიშნავად ავლენს. ხვადაგიანს კარგი ფიზიკა და მონაცემები რომ აქვს, ამაზე აღარ შევჩერდებით. მისი სახით, შესაძლოა ეროვნულ ნაკრებს მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში სტაბილური მაღალი დონის ცენტრალური მცველი ჰყავდეს.

ნოდარ ლომინაძე

აშკარაა, რომ 21-წლამდე ნაკრების ყველაზე კაშკაშა წევრი ნოდარ ლომინაძეა, რომელიც პოზიციით ნახევარმცველია, თუმცა თუმცა ნაკრებში უამრავი გოლი გააქვს. ლომინაძემ ევროს საკვალიფიკაციოზე 3 გოლი გაიტანა, გუშინ კი პოლონეთს გაუტანა მოხდენილი გოლი. შესანიშნავი აღნაგობის და საფეხბურთო ინტელექტის მქონე 23 წლის ნოდარ ლომინაძე ეროვნული ნაკრების შესავსებად იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რომელიც ტანმორჩილ ოთარ კიტეიშვილსა და გიორგი ქოჩორაშვილს სრულფასოვნად დააზღვევდა.

სრულად წაკითხვა