„სარკე“, ავთო ჩიტიძე
ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია ეკრანიდან გაქრა და მოდის ინდუსტრიის ეპიცენტრში გადაინაცვლა. ის ბარსელონის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა და მოდის ინდუსტრიის სიახლეებს გაეცნო. თავის მომავალს ამ მიმართულებით ხედავს. უნდა, რომ საქართველოს ბაზრით ბევრი ბრენდი დაინტერესდეს.
თამთა „სარკეს” მაშინ დაუკავშირდა, როცა ის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა. მან ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა, მათ შორის – პირად ცხოვრებაზეც.
– თამთა, მოდის კვირეულზე საუბრით დავიწყოთ ინტერვიუ. მოგვიყევით თქვენი მიზნებისა და ამ საოცარი სანახაობის დეტალების შესახებ.
– ბარსელონის მოდის კვირეული ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული გამოცდილებაა, არამედ შთაგონების წყაროც. ეს არის ადგილი, სადაც მოდის ინდუსტრიის ტენდენციები, ინოვაციები და კულტურული მრავალფეროვნება ერთიანდება. ჩემი მიზანია, ვიყო ამ პროცესის ნაწილი, გავეცნო ახალ დიზაინერებს, ვნახო მათი ნამუშევრები და შევისწავლო, როგორ ვითარდება მოდა გლობალურად.
ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩემი მონაწილეობა მიზნად ისახავს საქართველოს მოდის ინდუსტრიის წარმოჩენას საერთაშორისო დონეზე. პირადად ვხვდები გავლენიანი პუბლიკაციების და საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებს, ბაიერებს და მაღალი მოდის დიზაინერებს.
მათ ვაცნობ ჩემს შემოქმედებას, რომელიც მოიცავს ჟურნალ “GLA-MOUღ საქართველოს” და საქორწილო ექსკლუზიურ ჟურნალ ჭუვვშტპ Fფშკ-ის გამოცდილების გაზიარებას. ასევე, ვცდილობ, მათ დავანახო, როგორ ვითარდება მოდის სფერო ჩვენთან, როგორი ნიჭიერი დიზაინერები გვყავს, რომლებსაც ცნობადობის გაზრდა სჭირდებათ. ასევე ვთავაზობ ჩვენს ქვეყანას მათი არაჩვეულებრივი სამოსის საწარმოებელ ახალ ლოკაციად. საქართველო ამ მხრივ რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა.
ჩვენ გვაქვს დაბალი წარმოების ხარჯები, ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი, რაც მოიცავს დაბალ გადასახადებს და ინვესტორებისთვის ხელსაყრელ პირობებს. აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა – საქართველო მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ ლოჯისტიკას სხვადასხვა ბაზარზე. ვუხსნი, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მთავრობაც აქტიურად უწყობს ხელს საწარმოო სექტორის განვითარებას სხვადასხვა ინიციატივებისა და პროგრამების მეშვეობით.
მათ ვთავაზობ, გვესტუმრონ და ადგილზე დაათვალიერონ ჩვენი ატელიები და საწარმოები. საკუთარი თვალით იხილონ ის პოტენციალი, რაც საქართველოს აქვს. ამ ეტაპზე ინტერესი და გამოხმაურება დიდია, რაც მოტივაციას მაძლევს და მაიმედებს, რომ რეალურად შევძლებთ გარკვეული ბრენდების მოზიდვას.
– თქვენი სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ვივიენ ვესტვუდის შოუმ.
– ვივიენ ვესტვუდის შოუ ბარსელონაში არა მხოლოდ მოდის კვირეულის გამორჩეული მოვლენა იყო, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბრენდის საქორწილო ხაზის განვითარებაში. შოუ აღიარეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ინოვაციური პრეზენტაცია, რომელიც ხაზს უსვამდა ბრენდის უნარს, შეეთავსებინა ტრადიცია და თანამედროვე ხედვა.
კოლექციაში წარმოდგენილი იყო მოქნილი კორსეტები, მოსახსნელი ქვედატანები და კომფორტისა და სტრუქტურის ბალანსი. ფერთა პალიტრა მოიცავდა თეთრს, ვარდისფერს, ვარდის პრინტებსა და ღია ლურჯს, რაც სხვადასხვა კულტურულ საქორწილო ტრადიციებს ეხმიანებოდა. შოუში ასევე წარმოდგენილი იყო მამაკაცური კოსტიუმები და გენდერულად ინკლუზიური კასტინგი, რაც ბრენდის ინოვაციურობასა და მრავალფეროვნებაზე მიუთითებდა.
შოუ ჩატარდა ბარსელონის უნივერსიტეტის ისტორიულ კლოისტერში, რომელიც XIX საუკუნის არქიტექტურის ნიმუშია. ეს ადგილი იდეალურად შეესაბამებოდა ვესტვუდის ესთეტიკასა და მის მემკვიდრეობას.
– როგორ მოემზადეთ ასეთი მოდური ღონისძიებებისთვის, ჩაცმულობიდან დაწყებული სხვა დეტალებით დამთავრებული?
– პირველ რიგში, შევიმუშავე დეტალური პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას ქართულ ატელიებზე, დიზაინერებსა და წარმოების შესაძლებლობებზე. დავბეჭდე სავიზიტო ბარათები და წამოვიღე ჟურნალები, რომ ვიზუალურად წარმოგვედგინა ჩვენი საქმიანობა. ასევე დავამზადეთ სამოსი ჩვენი ბრენდის GLAMOUღ Hწდვშტპ-ის ლოგოებით, რომელიც მე და ჩემმა უცხოელმა პარტნიორმა თავად მოვირგეთ, რომ ჩვენვე ვყოფილიყავით ჩვენი ბრენდის სახეები და წარმომადგენლები.
მზადების პროცესში დეტალურად გავერკვიე საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობაში, ფინანსურ საკითხებში და ბაზრის მოთხოვნებში. შევისწავლე კავკასიის, ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზრები, რომ შემექმნა საფუძვლიანი ბიზნესგეგმა ჩემი ახალი წამოწყებისთვის.
მოკლედ, ჩემი მზადება იყო კომპლექსური და მიზანმიმართული, რაც საშუალებას მაძლევს, ეფექტურად წარმოვადგინო ჩემი ბრენდი და საქართველო, როგორც პერსპექტიული პარტნიორი მოდის ინდუსტრიაში.
ბარსელონამდე თბილისის და მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულებისთვის მზადება ჩემთვის ყოველთვის იყო შემოქმედებითი პროცესი. წარსულში თითოეული დღის ლუქს დიზაინერებთან ერთად ვქმნიდი ერთი თვით ადრე, რომ ფოტოგრაფებისა და სტილისტების ყურადღება მიმეპყრო და ამავდროულად, ქართველი დიზაინერების პოპულარიზაცია მომეხდინა.
ამჯერად კი ბარსელონაში სამუშაოდ ჩამოვედი და გადავწყვიტე, ვიზუალზე ნაკლები ყურადღება მიმექცია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემი საქმიანობით დამემსახურებინა ყურადღება, ამიტომ მხოლოდ თავის, ტანის, თმის მოვლის საშუალებებითა და მაკიაჟით შემოვიფარგლე.
ჩემოდანი ცარიელი მქონდა და აქ ჩამოსვლის შემდეგ შევიძინე ახალი სამოსი. ყოველდღე განწყობისა და დღის გეგმების მიხედვით ვარჩევ ახალ ლუქს. ჩემი სასტუმრო ყველაზე დიდ მოლთან ახლოს მდებარეობს, რაც ამ პროცესს ყოველ დილით კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ეს ცვლილება ჩემთვის სიმბოლურია – ახალი საქმე, ახალი ნაცნობები, ახალი ურთიერთობები და ახალი სამოსი. ეს ყველაფერი ასახავს ჩემს ახალ ეტაპს და მიზნებს მოდის ინდუსტრიაში.
– რა პერსპექტივა და საინტერესო გაგრძელებები შეიძლება მოჰყვეს ამ კვირეულს თქვენს კარიერაში?
– მოდა ბავშვობიდან ჩემი სიყვარული იყო. ყოველთვის ვადევნებდი თვალს მის განვითარებას, ტრენდებს და კულტურულ ტალღებს. ახლა კი პირველად თავად ვცხოვრობ მის ეპიცენტრში იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამ სამყაროს ქმნიან და აყალიბებენ. ეს მაძლევს უდიდეს კომფორტს, შინაგან სიხარულს და გაძლიერებულ სურვილს, კიდევ უფრო დიდი ნაბიჯებით წავიდე წინ. როგორც ამბობენ – სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. ჰოდა, მეც მოვედი… და სადამდე წავალ? ერთად ვნახოთ. ჩემთვისაც ეს ყველაზე ლამაზი და მოულოდნელი სიურპრიზია.
ყველაფერი წამებში იცვლება და წინასწარ პროგნოზირება რთულია. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ცხოვრებაში პირველად ვარ ზუსტად იქ, სადაც უნდა ვიყო, იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც თავს სრულფასოვნად ვგრძნობ. ვაკეთებ საქმეს, რომელიც ჩემი გულიდან მოდის და ჩემი ბუნების ყველაზე ნამდვილ გამოძახილს შეესაბამება.
მოდა ჩემთვის არის ასევე ადგილი, სადაც საკუთარ თავს ვპოულობ, სადაც ყოველი დეტალი ჩემს შინაგან სამყაროს ასახავს. ეს არის ადგილი, სადაც ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც ნამდვილად მიყვარს. მოდა ჩემთვის არა მხოლოდ ტანსაცმელია, არამედ ცხოვრების სტილია, რომელიც ჩემს იდენტობას გამოხატავს და ჩემს გრძნობებს ასახავს. ეს არის გზა, რომლითაც საკუთარ თავს ვპოულობ და სამყაროსთან ვურთიერთობ.
– ეკრანზე აღარ ჩანხართ. ტელეწმაყვანობის ეს ეტაპი დასრულდა?
– რაც შეეხება “პოსტივის” და ტელევიზიაში ჩემს საქმიანობას, ამ წლის დასაწყისში ახალი პროექტი გავაკეთე, რომელმაც კულისებში მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ჯერაც არაა გადაწყვეტილი, ჩაეშვება თუ არა ეთერში და იხილავს თუ არა მას მაყურებელი. მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე არ შემიძლია.
რაც შეეხება იმას, რომ ეთერში არ ვჩანვარ და ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში დასრულდა თუ არა, სიმართლე გითხრათ, პასუხი არ მაქვს. არ მინდა, ვიჩქარო. მოგვიანებით მივიღებ ამ გადაწყვეტილებას მოვლენების განვითარების მიხედვით, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარი ბიზნესის განვითარებით ვარ დაკავებული.
დღესაც “პოსტივის” თანამშრომელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე არ ვჩანვარ და ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ამ ტელეკომპანიამ ფასდაუდებელი გამოცდილება მომიტანა, რის გამოც მუდამ მადლიერი ვიქნები.
– ამბობენ, თამთა ტელევიზიაში ინტრიგების მსხვერპლი აღმოჩნდაო. რამდენად რეალურია ეს, გებრძოდნენ ამ სივრცეში?
– რაც შეეხება ჭორებს და ინტრიგებს, რომ ვინმეს, ან რაიმეს მსხვერპლი გავხდი, ტყუილია. არ მგონია, ქართულ ტელესივრცეში იყოს ვინმე, ვისაც ძალა შესწევს, მებრძოლოს ან რამეში ხელი შემიშალოს, რადგან ყოველთვის კარგად მაქვს ნაფიქრი ყველა ჩემი გადადგმული ნაბიჯი. მე გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი სურვილითა და ინტუიციით ვიღებ. თუ აღარ გამოვჩნდი ეკრანზე, ეს მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ კონკრეტულ დროს კონკრეტულ პლატფორმაზე ჩემი თავი ვერ დავინახე.
– საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობა რა ეტაპზეა? თვითკრიტიკული ხართ თუ ჰარმონიაში საკუთარ თავთან?
– 35 წელი დამჭირდა, რომ საკუთარი თავი მიმეღო. წლები გავატარე თვითკრიტიკაში, მუდამ უკმაყოფილო ვიყავი საკუთარი თავით, მაგრამ, ბოლო 2 წელია, დავიწყე მისი შესწავლა და ბოლო ერთი წელია, ვცდილობ, მივიღო და შევიყვარო ის.
დღეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, არამედ სამყაროს მიმართაც შემეცვალა აზრი. საკუთარი თავი ისე არასოდეს მომწონებია და მყვარებია, როგორც დღეს. ვგულშემატკივრობ მას, მესმის მისი, ვცდილობ, სიამოვნება მივაღებინო ამ ცხოვრებისგან. ეს პროცესი ძალიან საინტერესოა, რადგან მასთან დღეს ისე ძალიან ახლოს ვარ, როგორც არასოდეს. მომწონს, მიყვარს, მესმის… და ალბათ ამიტომ დავიწყე ახალი ცხოვრებაც. ალბათ ის გზაც უნდა გამევლო, რომ ეს ყველაფერი აღმექვა, მეპოვა ჩემი თავი, დამეჯერებინა მისთვის და მხარი დამეჭირა.
დღეს ნამდვილად ვარ ჰარმონიაში. ამის ფუფუნება მაქვს, ყველაფერი გავაკეთო ჩემი თავის ბედნიერებისთვის და მეტი სიხარული მივანიჭო მას.
– ერთხელ თქვით, რომ თუ გინდა, წარმატებული კარიერა გქონდეს, პირადი ცხოვრება გვერდით უნდა გადადადო. ახლაც ასე ფიქრობთ?
– კარიერის დასაწყისში მართლა ასე ვფიქრობდი. მაშინ მთელი ჩემი დრო და ენერგია მხოლოდ სამუშაოს ეთმობოდა და პირადი ცხოვრების შეთავსება თითქოს შეუძლებლად მეჩვენებოდა. თუმცა გამოცდილებამ მასწავლა, რომ სიყვარული და კარიერა არ უნდა იყოს არჩევანის საკითხი.
დღეს მჯერა, რომ, როცა გყავს ადამიანი, რომელიც გგულშემატკივრობს, გიდგას გვერდით და შენს ბედნიერებაზე ზრუნავს, ყველაფერი შესაძლებელია. თუ თქვენს ინტერესებსა და გზას საერთო ასპარეზიც მოეძებნება, ეს მხოლოდ ამდიდრებს ურთიერთობას, მაგრამ წარმატებული თანაცხოვრება სხვადასხვა სფეროს ადამიანებთანაც რეალურია. საბოლოოდ, არ არსებობენ იდეალური ადამიანები და იდეალური ურთიერთობები, არსებობს სიყვარული, მხარდაჭერა და მზაობა, ერთად გაზარდო ის, რაც ყველაზე ფასეულია. დღეს ვიცი: პირადი ბედნიერება კარიერას არ უშლის ხელს, ის ძალას აძლევს.
– პრიორიტეტებიც შეგეცვალათ მამაკაცებთან მიმართებაში?
– დროთა განმავლობაში მამაკაცებთან დაკავშირებული ჩემი პრიორიტეტებიც შეიცვალა. თუ ადრე უფრო ემოციებს, რომანტიკულ ჟესტებს და მომენტალურ შთაბეჭდილებებს ვეძებდი, დღეს ვაფასებ სიღრმეს, სანდოობასა და თანადგომას. მინდა, ჩემ გვერდით იყოს ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრება ხდება მშვიდი და მყარი. ვინც მიცნობს, მიღებს და, მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის ირჩევს ჩემ გვერდით ყოფნას. სიყვარული ახლა ჩემთვის ნიშნავს არა მხოლოდ ვნებას, არამედ პატივისცემას, ზრდას, საერთო გზაზე სიარულს და ერთურთის მხარდაჭერას როგორც ბედნიერ დღეებში, ისე გამოწვევების დროს.
– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ახლა როგორი ოჯახი წარმოგიდგენიათ თქვენთვის?
– სიმართლე რომ გითხრათ, დღეს არ ვფიქრობ იმაზე, როგორი ოჯახი მექნება მომავალში. ვცდილობ, ყოველდღე შევიგრძნო ცხოვრება, დავაფასო ის, რაც ახლა მაქვს. ვგრძნობ, რომ ყველაფერი მაშინ მოვა, როცა მზად ვიქნები და რაც უნდა მოხდეს, იქნება სავსე სიყვარულით, თავისუფლებითა და სინამდვილით. ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი მოვლენები სწორედ მაშინ ხდება, როცა მათ არ აჩქარებ და როცა გულწრფელი ხარ საკუთარ თავთან.