რა თქვა გველესიანმა?
35 წლის გიორგი გველესიანმა ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. საკლუბო კარიერის ძირითადი ნაწილი მან ირანში გაატარა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 10 მატჩი ჩაატარა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გველესიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა ეროვნული ნაკრების კიდევ სამ ფეხბურთელთან ერთად: ოთარ კიტეიშვილთან, ოთარ კაკაბაძესთან და ლუკა ლოჩოშვილთან.
Geo Team-თან საუბარში გველესიანი ამბობს, რომ კლიპში მონაწილეობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ, მისი შეფასებით, ქვეყანა „ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იდგა“, ხოლო არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და „კოლექტიურ, ქვეყნის მოღალატეებს შორის“ იყო.
„როცა ომების პერიოდია და ემპირიულად ჩვენ ამას დღეს და ახლა ვუყურებთ, ჩვენს რეგიონში რა ხდება, მუდმივი დაძაბულობა და დანის პირზე სიარული. და მე, როცა ვხედავ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეა და ჩვენი ქვეყანა დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, ვფიქრობ, რომ ჩემი ვალი იყო იმ კლიპში მონაწილეობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ყველაფერში ვეთანხმები იმ პარტიას“, - თქვა გველესიანმა.
„რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა?“
გველესიანი ამტკიცებს, რომ 2024 წელს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე „წნეხი“ იყო. იმ პერიოდში ათასობით მოქალაქე ქუჩაში ჯერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას აპროტესტებდა, მოგვიანებით კი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ხელისუფლება ევროკავშირთან გაწევრიანების გზაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდა. ორივე საპროტესტო ტალღის დროს პოლიცია და სპეცრაზმი აქციებს ძალის გამოყენებით შლიდა.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებიდან, რომ სოციალურ ქსელებში მხარდამჭერი პოსტები და განცხადებები დაედოთ. პრაქტიკულად უმეტესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და აი ეს არის აქსიომა და ეს ხელშეუვალი მანტრაა“, - ამბობს გველესიანი.
„მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ, ბატონებო, ამის წინააღმდეგი, მაგრამ ვიცით ჩვენ, ეს რას მოუტანს ჩვენს ეკონომიკას? ვიცით და გააზრებული გვაქვს, ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა აქ. რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა?“
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციით არის განსაზღვრული. 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. სხვადასხვა წლებში ჩატარებული გამოკითხვებით, მხარდაჭერა დაახლოებით 70-90%-ის ფარგლებში მერყეობდა. მაგალითად, IRI-ის 2023 წლის კვლევაში ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად ან ნაწილობრივ 89% უჭერდა მხარს, NDI-CRRC-ის კვლევაში კი 81%. 2025 წლის აგვისტოში CRRC-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე იყო რესპონდენტთა 78%.
ფეხბურთელმა ახსენა „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებული თემა, „რუსოფობიაც“.
„ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს და რუსოფობიებს, და ზოგადად სხვადასხვა ფობიას. არაფერი კარგი. რაც ახლა აქტუალურია, ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკაში. მაშინდელი ეს ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ, მე რამე მატკინონ“, - დასძინა გველესიანმა.
„ნეტა სინდისი არ აწუხებს?“
გველესიანის განცხადებას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„არ ვაპირებდი პასუხს, მაგრამ მართლა მაინტერესებს, ამ ბიჭმა გამაგებინოს, რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები. პირველი მე ვიქნები, ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემს შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა, რომ თავისი აზრი გამოეხატათ.
მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს?
რა გამოდის, 26 ფეხბურთელიდან ოთხმა „გაუძლო“ ძალების დაწნეხვას?
რად უნდა კონსტიტუციის დაცვას და რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ძალების ზეწოლა? ვალდებულები არა ვართ?“ - დაწერა ზივზივაძემ.
„აზიური კულტურის ნაწილია“
გველესიანს უპასუხა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილე მიხეილ ზაქარეიშვილმაც. მისი თქმით, „უპრეცედენტო შემთხვევაა, ქართველმა ფეხბურთელმა ქართველი გულშემატკივრები არასპორტული მიზეზებით მოიხსენიოს მოღალატეებად“.
„ზოგადად რაღაცები გასაგებია. ამ ადამიანს წლები აქვს გატარებული აზიაში და აზიური კულტურის ნაწილია. მესმის, რომ ანტიევროპული განწყობები აქვს, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის“, - უთხრა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველს“.
ამასთან, მან გველესიანის სიტყვები „უპასუხისმგებლო განცხადებად“ შეაფასა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრებს წინ მნიშვნელოვანი თამაშები აქვს.
„ჭორაობს, ამბობს, რომ ვიღაცებისგან მოდიოდა ზეწოლა და ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა. თუ არ დაასახელებს იმ ადამიანებს, ვისგანაც მოდიოდა, ის უბრალოდ ჭორიკანა ადამიანად დარჩება. სამწუხაროა, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ჯერჯერობით უდიდესი წარმატების ერთ-ერთ მონაწილეს ვერასდროს ექნება ხალხის სიყვარული“, - თქვა ზაქარეიშვილმა.
radiotavisupleba ახალი ამბები