22.09.2026
გიორგი სულამანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 21 სექტემბრიდან დატოვა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა. მისივე განცხადებით, ამ პოსტს 16 წლის განმავლობაში იკავებდა, ხოლო მთლიანად დაცული ტერიტორიების სისტემაში 19 წელი გაატარა.
სულამანიძე ამბობს, რომ სააგენტომ მას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა:
„მინდა მკაფიოდ განვმარტო: ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება – დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება. ჩემი წასვლა არ არის პროფესიული საქმიანობის წარუმატებლობის ან რაიმე გადაცდომის შედეგი“.
სულამანიძე იხსენებს იმ შედეგებს, რასაც ამ წლების მანძილზე მიაღწიეს, მათ შორის, ვიზიტორთა რაოდენობა ზრდა, სამეცნიერო პროექტები, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობის გაძლიერება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, როგორიცაა ფოტოხაფანგები, SMART-ისა და მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგის განვითარება, ასევე ბრაკონიერობასთან ბრძოლა.
მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას ვერ განიხილავს მხოლოდ როგორც ერთი ადამიანის თანამდებობიდან წასვლას.
„ბოლო ერთ წელიწადში დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიცვალა სამი მენეჯმენტი და განხორციელდა ორი რეორგანიზაცია. ამ პერიოდში სისტემიდან არაერთი კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი წავიდა.
ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მართვის ისეთი პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც პროფესიული დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და ადამიანების ღირსების საკითხებს აჩენს.
თანამედროვე მართვის ინსტრუმენტები, მათ შორის SMART, უნდა ემსახურებოდეს დაცვითი საქმიანობის ეფექტიანობას, მონაცემებზე დაფუძნებულ მართვასა და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და არა მხოლოდ დისციპლინარული ზეწოლის მექანიზმად იქცეს. პროფესიონალების სისტემიდან ჩამოშორება და მათი გამოცდილების დაკარგვა ბუნებისდაცვით სფეროს წლებით უკან დახევის რისკს უქმნის“, – წერს სულამანიძე.
netgazeti