საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა 22 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში შეხვედრა გამართეს.
ირაკლი კობახიძე და რეჯეფ ტაიპ ერდოანი ერთმანეთს შეხვდნენ თურქულ სახლში, - თურქული დიპლომატიური მისიების შტაბბინაში, რომელიც მანჰეტენში, გაეროს შტაბბინის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
„განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, შემდგომშიც განვამტკიცოთ ორმხრივი თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის სფეროებში“, - დაწერა კობახიძემ X-ზე.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„ერთობლივი პროექტები“
მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე“.
„მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში“, - ამ კონტექსტში გამოყოფილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, „რომელიც ექსპლუატაციაში სრულად შევიდა“.
„შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
კობახიძე ნიუ-იორკში
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში 21 სექტემბერს გაემგზავრა, - ის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.
გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრი სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.
22 სექტემბერს მან მონაწილეობა მიიღო „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტსა და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე გაიმართა.
დაგეგმილია კობახიძის ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან და „სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან“.
დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ნაურუსთან
ამავე ვიზიტისას საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.
ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ნაურუმ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა და მათთან „დიპლომატიური ურთიერთობები“ შეწყვეტა.
--
- ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2024 წელსაც გამოვიდა სიტყვით;
- ეს მისი პირველი ვიზიტია აშშ-ში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - ასევე მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
- დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
radiotavisupleba ახალი ამბები