რუსეთ-სომხეთის პოლიტიკური უთანხმოებების ფონზე, რუსული სახელმწიფო მედია TASS ამჟამად ავრცელებს რუსი მეცნიერების მტკიცებას, რომლის თანახმადაც ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსის „ევროპა-1“ გენეტიკური ხაზის უძველესი ნიმუში სომხეთშია აღმოჩენილი და მისი ასაკი დაახლოებით 380 წელს შეადგენს.
TASS-ის ცნობით, ამის შესახებ სტავროპოლის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის მკვლევარმა ანა ჟიროვამ განაცხადა. მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნიმუში „ევროპა-1“ ხაზის ყველაზე ძველი ცნობილი ნიმუშია.
აღნიშნული დასკვნა დამოუკიდებელ საერთაშოროსო მეცნიერებაში სომხეთი ამ ვირუსის დადასტურებული წარმოშობის ადგილად არ სახელდება.
TASS-ის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელება ემთხვევა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების პერიოდს. 21 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობები „აუცილებლად შეიცვლება“ და მომავალში ისეთივე აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო. თუმცა, მისივე თქმით, სომხეთი რუსეთთან კავშირების გაწყვეტას არ აპირებს და ურთიერთობების „ახალ გარემოსა და ახალ პირობებში“ გაღრმავება სურს.
მანამდე, პირველ სექტემბერს, ბიშკეკში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებითა და გაღრმავებით, თუმცა აღნიშნა, რომ რეგიონში ვითარების ცვლილების გამო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაა საჭირო. პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთთან „მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების“ განვითარებას სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის პრინციპებზე დაყრდნობით უჭერს მხარს.
მოსკოვსა და ერევანს შორის ერთ-ერთ მთავარ საკამათო საკითხად რჩება სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 15 სექტემბერს განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიცია უცვლელია და რუსეთი სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას საჭიროდ მიიჩნევს.
netgazeti