"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი ფეხბურთელი ხავიერ პასტორე, რომელიც დღეს სპორტული დირექტორის ლიცენზიის მისაღებად ემზადება, თანამედროვე ფეხბურთში არსებულ ტენდენციებზე საუბრობს და განსაკუთრებულად ერთ პრობლემას გამოყოფს – ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ზედმეტად მაღალი ხელფასები.
"რთულია ზუსტად თქმა, რა უნდა შეიცვალოს თანამედროვე ფეხბურთში. ხშირად ჩვენ, ყოფილი ფეხბურთელები, ვადარებთ წარსულსა და აწმყოს და ვამბობთ, რომ ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო, მაგრამ ეს სწორი არ არის – სამყარო იცვლება და ცვლილებებს უნდა აუწყო ფეხი,“ – ამბობს პასტორე.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ფინანსური უხვი შემოსავალია: "18-19 წლის ფეხბურთელი, რომელსაც წელიწადში 10 მილიონი ევრო აქვს, ავტომატურად კარგავს მოტივაციას. ასეთ დროს სპორტისადმი სიყვარული უკან იხევს, ხოლო პირველ პლანზე ფული და გარიგებები გამოდის. ფეხბურთი აღარ არის მიზანი – ის მხოლოდ საშუალებად იქცევა.“
არგენტინელი ასევე აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ახლობლების მხარდაჭერასა და მჭიდრო ურთიერთობას ენიჭება: "როდესაც ძალიან ახალგაზრდა ხარ და დიდი ფული გრჩება, შენს ირგვლივ უამრავი ადამიანი ჩნდება, რომლებიც მუდმივად ბიზნეს იდეებსა და ინვესტიციებზე გესაუბრებიან. ამ დროს სწორედ ახლობლებთან კავშირი გეხმარება, რომ მიწაზე მყარად იდგე და არ დაკარგო სპორტზე ფოკუსი.“
ცნობისთვის, ხავიერ პასტორემ "პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში 269 შეხვედრა ჩაატარა და კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. არგენტინის ნაკრებში მას 29 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი აქვს გატანილი.