საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებს.
უწყების ცნობით, ევროკომისიის ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრესის ასახვა ხდება კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციის და ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატების ფარგლებში განხორციელებული მუშაობის საფუძველზე.
„სამწუხაროა, რომ საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის მხარემ ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას“, — ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის თანახმად, „შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“.
„მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა სახელმწიფოსა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. შემაშფოთებელია, რომ ანგარიში შერჩევითი ანალიზის საფუძველზე ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობას წარმოადგენს. სხვადასხვა აქტორების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებების მტრულ რიტორიკად შეფასება გამოხატვის თავისუფლების პრინციპზე თავდასხმაა, ემსახურება ნდობის შერყევას და აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის საფუძვლებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით „მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმეორებს მზაობას „ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ევროკავშირთან ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის“.
2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია და ანგარიშები კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების შესახებ.
საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით რჩება და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა— ასეთია ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის მთავარი დასკვნა საქართველოსთან დაკავშირებით.
ევროკომისიის შეფასებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე შეტევით, ასევე, სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით.
netgazeti