წაკითხვა: 33
თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს კურსის შეცვლას და ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური პრინციპების – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების – ერთგულებას დაუბრუნდება, ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შესაძლოა განახლდეს.”- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 4 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
“საქართველომ თავად მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების თხოვნით და უნდა აჩვენოს, რომ წევრობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ევროკომისიის თანმიმდევრული ანგარიშები გაფართოების შესახებ, ისევე როგორც დღეს გამოქვეყნებული ანგარიში, აწვდიდა საქართველოს ინფორმაციას, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.
ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
გასული წლის განმავლობაში საქართველოში ვითარება უფრო მეტად გაუარესდა: ვხედავთ დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას, კანონის უზენაესობის სწრაფ რღვევას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას.
გასული წლის განმავლობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით არსებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველოს, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა და კვლავ ვერ იღებს სარგებელს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს.
მმართველი პარტია საქართველოში განაგრძობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმისა, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობის საშუალებით. უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამ უფრო მეტად და მკაცრად შეზღუდა სამოქალაქო სივრცე.
ხელისუფლების ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა გამოაცხადა; თუმცა ამ სწრაფვას ძირეულად ეწინააღმდეგება მისი სისტემატური მტრული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ, მანიპულაციური ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელება, ევროკავშირის ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე უარის თქმა. ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის საშუალებით საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს უქმნის საფრთხეს. როგორც ახლახან განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა, „საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ზლიერი დაპირისპირების გზაზეა.
ამავდროულად, ევროკავშირის მრავალწლიანი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა.
ყოველივე ეს საქართველოს მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანის შედეგია. არჩევანს მნიშვნელობა აქვს. არჩევანს შედეგები მოჰყვება.”- აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
multimedia.ge ახალი ამბები