ღაზაში ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სამშვიდობო ჯარს კრებენ და ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ჯარის გაგზავნას სთხოვენ, საქართველოა.
საქართველო და ვიეტნამი ღაზაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნაზე მოლაპარაკებებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის ტელეკომპანია “მე-12 არხი”.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, კირიათ-გათში მდებარე სამოქალაქო-სამხედრო საკოორდინაციო ცენტრს (CMCC) რეორგანიზაცია ელის, რომლის მიზანია მისი უფრო ოპერატიულად ქცევა და კოორდინაციის გაძლიერება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოსთან“.
CMCC გასული წლის ოქტომბერში, სამხრეთ ისრაელში დაარსდა ტრამპის გეგმის ფარგლებში, რომელიც ღაზაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად. მას დაევალა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ხელშეწყობა და პალესტინის ტერიტორიისთვის ომისშემდგომი პოლიტიკის შემუშავება.
სამი ინფორმირებული დიპლომატის თქმით, ცენტრს დაერქმევა „ღაზის დახმარების საერთაშორისო ცენტრი“, ხოლო შემოთავაზებული საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები (ISF) — რომელიც გამიზნულია სექტორის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ომისშემდგომ გარდამავალ პერიოდში, ისრაელის ჯარების გასვლისა და დაჯგუფება „ჰამასის“ განიარაღების შემდეგ — სავარაუდოდ, მის მუშაობაში ბევრად უფრო დიდ როლს შეასრულებს.
“ანგარიშის მიხედვით, ასევე შემცირდება იმ ქვეყნებისა და წარმომადგენლების რაოდენობა, რომლებიც ჩართულნი არიან მაღალი დონის დისკუსიებში ღაზის მომავალთან დაკავშირებით, რათა გამარტივდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ცვლილებები, რომლებიც ამ კვირაში გამართულ შეხვედრაზე, ორ თვეზე მეტი ხნის დაგეგმვის შემდეგ დაწინაურდა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში განხორციელდება”.
„მე-12 არხი“ ასევე იტყობინება, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საქართველოსთან და ვიეტნამთან ISF-ში ჯარების გაგზავნის თაობაზე. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთსა და ალბანეთს, რომლებიც ძალების გაგზავნას უკვე დათანხმდნენ.
„მშვიდობის საბჭოს“ ეს ინფორმაცია არ უარყვია. როგორც „მე-12 არხი“ იუწყება, საბჭომ საინფორმაციო საშუალებას განუცხადა, რომ აგრძელებს მმართველობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის გეგმების წინ წაწევას ღაზაში, „ძალისხმევის ოპტიმიზაციისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით“. მათი თქმით, მისიის გაფართოებასთან ერთად, ISF და სამოქალაქო-სამხედრო საკოორდინაციო ცენტრი ამზადებენ „სხვადასხვა მოდელს უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ინტეგრაციისთვის“. მათ ასევე დასძინეს, რომ ამჟამად პერსონალის შემცირება არ იგეგმება და დამატებით ქვეყნებთან ჯარების გამოყოფის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
საქართველო და ვიეტნამი აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ, დასძენს „მე-12 არხი“.
ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ნეტგაზეთიც ცდილობს.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·