საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „წუხილს“ გამოხატავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ამის „არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი“ არ არსებობდა. უწყებამ იმედი გამოთქვა, რომ ბლოკი გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში გადახედავს გადაწყვეტილებას.
ევროკავშირმა 23 ივლისს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში შეიყვანა იმ დათქმით, რომ სანქციები ექვს თვეში ამოქმედდება, რაც ქარხანას საშუალებას მისცემს, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე უარი თქვას. „კომისიის შეფასების შემდეგ, საბჭო გადაწყვეტს დატოვოს თუ არა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სიაში“.
24 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო „სრულად ითვალისწინებს“ ევროკავშირის მიერ დაწესებულ „სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის“.
სამინისტროს თქმით, ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება „გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს“.
„ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას“, – აღნიშნა უწყებამ.
სამინისტრომ განაცხადა, რომ „საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“.
„ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს“, – განაცხადა სამინისტრომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ „სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას.“
This post is also available in:

1 week ago
41







English (US) ·
Georgian (GE) ·