ქართველ IT სპეციალისტს, გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „პირველს“ დაკავებულთა მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები მიაწოდა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული მძიმე ბრალდებებით 17 წლით პატიმრობა მიესაჯა. მისი ოჯახი და ადვოკატები აცხადებენ, რომ მას ნარკოტიკების ჩადებითა და ზეწოლით გაუსწორდნენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან თხელიძემ განაჩენი სექტემბერში გამოიტანა და კვიცარიძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გასაღების ხელშეწყობაში ცნო დამნაშავედ.
კვიცარიძის ადვოკატის, ოთარ რუხაძის თქმით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად იმ პოლიციელთა ჩვენებებს ეფუძნებოდა, რომელთაც IT სპეციალისტი დააკავეს და გაჩხრიკეს. ადვოკატის განცხადებით, კვიცარიძე „კატეგორიულად უარყოფს“ ნარკოტიკების გასაღებაში ხელშეწყობის ბრალდებას.
„რაც შეეხება შეძენა-შენახვას, ის ამბობს, რომ მან მოიხმარა ნარკოტიკი, ჰქონდა მცირე ოდენობა, მაგრამ მისივე გადმოცემით, დანარჩენი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მას პოლიციამ დაკავებისას ჩაუდო“, – ციტირებს რადიო თავისუფლების ქართული სამსახური ოთარ რუხაძეს.
ადვოკატის თქმით, კვიცარიძე ამბობს, რომ „სწორედ იმის გამო მოუწყვეს მას ეს ყველაფერი, რომ მან მოიპოვა კადრები, რომელშიც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებია აღბეჭდილი“.
საქმეში ასევე დევს ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც მითითებულია, რომ ნარკოტიკების შეფუთვაზე, რომლებიც ბრალდებულს უპოვეს, მისი დნმ-კვალი აღმოჩნდა. რუხაძის თქმით, კვიცარიძე ამას არ ეთანხმება, ამბობს, რომ მხოლოდ ერთ პაკეტზე უნდა ყოფილიყო მისი კვალი, იმ პაკეტზე, რომელიც „პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა“.
ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ კვიცარიძის დედაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ციხეში მას „პოლიციელები“ ესტუმრნენ და საპროცესო შეთანხმება და ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, თუ ის მათ ხელთ არსებულ დამატებით ვიდეომასალას გადასცემდა. გავრცელებული ინფორმაციით, კვიცარიძემ შეთავაზებაზე უარი თქვა.
კვიცარიძის ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები განაჩენს ძალაში დატოვებენ, კვიცარიძის დედა, გავრცელებული ინფორმაციით, მის ხელთ არსებული დარჩენილი მასალების გასაჯაროებას არ გამორიცხავს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები