განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი განახლდება.
სამინისტრო იუწყება, რომ გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიიღო.
ამავე დროს, სამინისტრო აცხადებს, რომ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.
„ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გასუფთავება და გაშიშვლებული ადგილების გალესვა. ასევე, სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები შეივსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. შენობის მდგომარეობაზე ექსპლუატაციის პერიოდში გაგრძელდება მუდმივი დაკვირვება.
აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მკაცრი ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ შეასრულებს. ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულების ხარისხზე უწყვეტ ინდივიდუალურ ექსპერტულ კონტროლს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები განახორციელებენ. სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება.
უსაფრთხოების დამატებითი ზომების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახური სკოლაში დამატებით პერსონალს გამოყოფს.
ამასთან, განათლების სამინისტრო აგრძელებს შესაბამისი ალტერნატიული ფართის მოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს სკოლის შენობაზე შემდგომი, ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება“ – იუწყება სამინისტრო და დასძენს, რომ შენობის მდგომარეობა და სასწავლო გარემოს უსაფრთხოება შესაბამისი უწყებების მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება.
netgazeti