18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, წუხელ კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.
ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ.
ეს ამბავი დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ვისი განცხადებიდანაც გავიგეთ, რომ ბავშვებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინებაც. სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
უფრო მეტი გავიგეთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, რომელმაც მომხდარის გამო გამოძიება დაიწყო და ჩხრეკები ჩაატარა იმ კომპანიებში, რომლებიც ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კლინიკებს მიმართეს თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელმა და ერთმა მასწავლებელმა.
თუმცა, არ არის გამორიცხული მოწამლული ბავშვებისა და აღმზრდელების რაოდენობა მეტიც იყოს და მათ კლინიკებისთვის მიმართული არ ჰქონდეთ.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში კლინიკაში სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან ტოქსიკური მოვლენებით მათთან 14 აღსაზრდელი შეიყვანეს. მისი თქმით, მოზარდები სამედიცინო დაწესებულებაში პირღებინებითა და გასტროენტერიტის სიმპტომებით შეიყვანეს.
ექიმის თანახმად, ამჟამად არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა და დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ექიმების გადაწყვეტილებით, ისინი დაკვირვების მიზნით ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან და სახლში არ ეწერებიან.
რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს (მათ შორის, უკავშირდება თუ არა ის ბაღის საკვებს), ექიმი აღნიშნავს, რომ მხოლოდ კლინიკური კვლევებით ამ ეტაპზე მიზეზის დადგენა შეუძლებელია და შესაბამისად, დიაგნოზს კონკრეტულ ფაქტორს ჯერჯერობით ვერ უკავშირებენ.
მშობლები ვარაუდობენ, რომ ინტოქსიკაცია ხორცეულმა ან რძის პროდუქტებმა გამოიწვია. ზოგიერთი ხაზს უსვამს იმას, რომ ბავშვებმა ინტოქსიკაციამდე ბაღში საქონლის ხორცისაგან დამზადებულ კატლეტი მიირთვეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.
საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი “ლელოდან”, საბა ბუაძე ამბობს, რომ საკვების მიწოდება ხდება ტენდერში გამარჯვებული კომპანიების საშუალებით. კერძების მომზადება უშუალოდ ბაღებში ხდება.
მისივე თქმით, 2024-2025 წლებში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს აჭარბებდა, “რაც ძალიან დიდი თანხაა”.
ბუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ უსაფრთხოების რა სტანდარტებია ბაღებში.
“საკრებულოში მაგის გასარკვევად რამდენჯერმე დავიბარეთ კორუფციაში მხილებული თანამდებობის პირები, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის არქონის გამო კანონის დარღვევით არ გამოცხადდნენ ჩვენი ფრაქციის სხდომაზე. ბოლო პერიოდში ბაღებში არსებული კვება გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით, თუმცა ყველას გვახსოვს როგორ აღიარა ბაღების ხარჯზე ფულის კეთება ქართულმა ოცნებამ”, – წერს ბუაძე.
netgazeti