თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან დროებით ამოიღეს რძის ნაწარმი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა აღსაზრდელების კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ გაჩენილი ეჭვი და დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებშიც საკვებ პროდუქტებს კვლევა ჩაუტარდათ.
ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ რძის პროდუქტების დროებით ამოღება არ ნიშნავს, რომ კვლევებით მასში რაიმე საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის ერთგვარი პრევენციული ღონისძიება, „სანამ ყველა კვლევის პასუხი არ გახდება ცნობილი“.
„რძის პროდუქტები დაბრუნდება მენიუში, როგორც კი კვლევები დასრულდება“, - ამბობენ სააგენტოში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ 18 სექტემბრისგან განსხვავებით, აღარ გამოვლენილა აღსაზრდელების ავადობის მსგავსი შემთხვევები.
2026 წლის 18 სექტემბერს, საჯარო ბაგა-ბაღებში საღმზრდელო პროცესის დაწყების მეოთხე დღეს, კლინიკებში ათობით ბავშვი შეიყვანეს სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოგვიანებით თქვა, მიმართვიანობის მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა.
იმავე დღეს „ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით“ შვიდმა საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები არ მიიღო.
საქმეზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას ეხება.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოთხ ბაგა-ბაღსა და მათთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში ჩხრეკა ჩატარდა. ასევე გამოიკითხა 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
19 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე მტკიცებით იმის თქმა, პრობლემა საკვებმა გამოიწვია თუ არა, ნაადრევი იყო და შესაბამისი სამსახურების კვლევის შედეგებს უნდა დალოდებოდნენ.
20 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრამ განაცხადა, რომ თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტის შემთხვევების ძირითადი მიზეზი, დიდი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.
NCDC-ს განცხადებით, საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით, კვლევაში პირველივე ეტაპზე ჩაერთნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიც.
radiotavisupleba ახალი ამბები