თბილისის მერიის თანამშრომელი, ნინო კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უწყება ხელშეკრულებას შემდეგი წლიდან აღარ უგრძელებს. ამის შესახებ მას დღეს, 27 დეკემბერს შეატყობინეს.
როგორც მსგავსი გამოცდილების მქონე სხვა დასაქმებულები, კიკნაძეც ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ “რეპრესიებს” უწდებს:
“ახლა, როცა 500-მდე ადამიანი დააკავეს, დემონსტრანტები ნაწამები არიან და 44 მოქალაქე სისხლის სამართლის მუხლით, უკანონო პატიმრობაში რჩება, რთულია სამსახურებრივ დასჯაზე წერა, თუმცა ესეც რეპრესიების შემადგენელი ნაწილია და ის ხელისუფლების ანგარიშსწორების მასშტაბს მხოლოდ აფართოებს. 2028 წელს ევროკავშირთან მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობა დღევანდელი მოცემულობით ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ ღირსებით ევროპისკენ მივდივართ”, – წერს კიკნაძე სოციალურ ქსელში.
კიკნაძე ჰყვება მერიასთან თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებაზე და იმ პროექტებზე, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში განახორციელა. ის მართავდა კულტურულ და ლიტერატურულ პროექტებს, რომელიც მერიამ იუნესკოს დაფინანსებით განახორციელა.
“ყველა საქმე, რაც კი მრავალი წლის განმავლობაში, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის მიკეთებია, ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოებას ემსახურებოდა. 2019 წელს თბილისმა ”იუნესკოსგან“ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, 2021 წელს კი, მედიახელოვნების მიმართულებით ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრიც გახდა – ორივე ეს პროექტი მუნიციპალურ დონეზე იმართებოდა, რადგან ”იუნესკოსთან“ ხელშეკრულებას ხელს სწორედ ქალაქის მერი აწერს, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც ის იღებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება.
”თბილისი – იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად შეფასდა ”იუნესკოს“ მიერ. ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრობა კი უნიკალური და ყოველწლიურად მზარდი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტების კულტურის სტრატეგიული განვითარებისთვის, ადგილობრივო ხელოვანების პროფესიული ზრდისთვის და მათი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.
ორივე პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერიასთან ვთანამშრომლობდი, ჩემი შრომითა და ინიციატივით მოიპოვა თბილისმა. მოკლედ რომ ვთქვა, არც ფიზიკური, არც ემოციური და არც პროფესიული უნარები დამიკლია რომელიმე პროექტისთვის, ახლა კი ვიგებ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირების გამო, 2025 წლის იანვრიდან ჩემი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელში 25 ქალაქია, შემოქმედებითი ქალაქების ქსელშიც 25, მომიწევს მსოფლიოს მასშტაბით, მინიმუმ 50 ქალაქის წარმომადგენელს ავუხსნა, რომ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების გაპროტესტების გამო, სამსახურიდან მიშვებენ”, – წერს კიკნაძე სოციალურ ქსელში.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თბილისის მერიასაც. უწყებაში გვითხრეს, რომ გვეხელმძღვანელა იმ განცხადებით, რაც მერმა, კახა კალაძემ გუშინ, 26 დეკემბერს გათავისუფლებული თანამშრომლის, გიგა სოფრომაძის შესახებ გააკეთა. მერიაში ამბობენ, რომ ეს არის ზოგადი მიდგომა.
“ის, რომ პოლიტიკური ნიშით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, ის იყო ხელშეკრულებით. მას ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის მუშაობდა უშუალოდ შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე. დღეს, ყველა პროგრამა, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი იქ მუშაობის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ხელშეკრულება დასრულებულია და ახალი ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში. ეს არის ძალიან მარტივად და ვისაც რა უნდა და რა სპეკულაციები უნდა, ეს მისი პრობლემაა და მისი ნებაა”, – განაცხადა კალაძემ სოფრომაძის შესახებ.
კიკნაძე არ არის საჯარო სამსახურში დასაქმებული ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მოულოდნელად შეატყობინეს, რომ მომავალი წლიდან ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ. მსგავსი შეტყობინებები მიიღეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმაც.
სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც უარყოფენ თანამშრომლებთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის პოლიტიკურ მოტივებს. თუმცა, არც იმას განმარტავენ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ისინი მხოლოდ იმას უსვამენ ხაზს, რომ ამ გადაწყვეტილებით კანონი არ დაურღვევიათ.
ამავე თემაზე: