თბილისში აფხაზი ბლოგერის, 30 წლის დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს. პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა.
დიღომში გვიან ღამემდე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.
არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.
ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბუავა 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა. მეზობლები ვარაუდობენ, აფხაზი ბლოგერი 4 დღის გარდაცვლილია.
,,გუშინ დილით ჩემს ზემოთ მცხოვრებმა გოგონამ დაწერა, კორპუსში საშინელი სუნიაო. ყარდა აქაურობა, გაფუჭებული ხორცის სუნი იყო. გვეგონა რომ უეჭველი მაცივარი დარჩა და რამე გაუფუჭდაო. სამაშველო გამოვიძახეთ, მოვიდნენ და ბინაში დახვდათ გარდაცვლილი. ძირს ეგდოო. ძაან დასიებული ყოფილა. როგორ ჩანს უნდოდა დახმარების თხოვნა, მარა ვერ ითხოვა. შარშან გადმოვიდნენ ამ ბინაში, მეუღლესთან ერთად იყო, მერე დაშორდნენ. ბოლოს შაბათს დაწერა სამეზობლო ჩათში, ჩიპი მოგვიგლიჯეს და ეს ვინ გააკეთაო დაწერა”, – ამბობს მეზობელი.
რა გახდა ახალგაზრდა ბლოგერის გარდაცვალების მიზეზი, ამას ახლა ექსპერტიზა დაადგენს. მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: tv პირველი

pozitivi.ge