სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლებმა სამი ქვეყნის ენერგოსისტემების ურთიერთინტეგრაციისა და თურქეთის ენერგეტიკულ სისტემასთან დაკავშირების შესაძლებლობები განიხილეს.
ეს ინფორმაცია 23 სექტემბერს გაავრცელა სომხეთის „საზოგადოებრივი სერვისების მარეგულირებელმა კომისიამ“ (PSRC).
მხარეების შეხვედრა გაიმართა თბილისში, ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმის კულუარებში - ფორუმისა, რომელიც საქართველოში წელს პირველად გაიმართა.
ვინ ესწრებოდა
ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრას ესწრებოდნენ:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე დავით ნარმანია;
- სომხეთის „საზოგადოებრივი მომსახურებების მარეგულირებელი კომისიის“ (PRSC) თავმჯდომარე მესროპ მესროპიანი;
- აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტოს (AERA) საბჭოს თავმჯდომარე სამირ ახუნდოვი;
- ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს პრეზიდენტი პედრო ვერდელი;
- ასევე, ევროკავშირისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) საერთო პროექტის, EU4Energy-ის წარმომადგენლები.
რა განიხილეს
სომხური მხარის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს:
- სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგოსისტემების ურთიერთინტეგრაციისა და რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები;
- ასევე, რეგიონის ენერგოსისტემების თურქეთის ენერგეტიკულ სისტემასთან დაკავშირების შესაძლებლობა.
ბოლო პერიოდში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არაერთხელ უთქვამს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები ერთმანეთთან დაკავშირებას „TRIPP“-ის პროექტის ფარგლებში გეგმავენ.
23 სექტემბერს აშშ-მა გამოაცხადა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განხორციელების მომდევნო ეტაპზე გადასვლა - სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან ერთად.
radiotavisupleba ახალი ამბები