კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინდოელი სტუდენტი, 23 წლის დვანიტ რაჯდიპი თითქმის ორი კვირაა გაუჩინარებულია. ეს ინფორმაცია უნივერსიტეტმა 27 მაისს დაადასტურა მას შემდეგ, რაც ინდოეთის მედიამ მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სტუდენტის გაუჩინარებას ბინის ინდოელ გამქირავებელთან სავარაუდო კონფლიქტი უძღოდა წინ.
კავკასიის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ რაჯდიპის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 15 მაისს მიიღო და დაუყონებლივ დაუკავშირდა 112-ს. „სამართალდამცავი ორგანოების განმარტებით, იმავე დღეს აღიძრა საქმე და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა უნივერსიტეტმა და დასძინა, რომ ის პირველივე დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს გამოძიებათან, „აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, ამასთანავე, მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკარგული სტუდენტის ოჯახსა და საქართველოში ინდოეთის საელჩოსთან“.
უნივერსიტეტის თქმით, რაჯდიპი ბოლოს მიმდინარე წლის 14 მაისს, 15:30 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
კავკასიის უნივერსიტეტის განცხადებას წინ უძღოდა ინდური მედია საშუალებების, მათ შორის India Today-ის მიერ 25 მაისს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რაჯდიპი თითქმის ორი კვირაა გაუჩინარებულია ბინის მეპატრონესთან, ანილთან სავარაუდო დავის შემდეგ. ეს უკანასკნელი თბილისში მცხოვრებ სამხრეთ ინდოელადაა იდენტიფიცირებული.
India Today-ის ინფორმაციით, რაჯდიპი ბოლოს მამამისს 14 მაისს ესაუბრა, რა დროსაც ზარი მოულოდნელად გაწყდა, რის შემდეგაც მისი ტელეფონი გამორთულია.
გამოცემა რაჯდიპის მამას, მაიურ რაჯდიპს, ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი მეპატრონისა და სხვა მეზობლების მხრიდან შევიწროებას განიცდიდა. მამა ამტკიცებდა, რომ მათ მის შვილს „ფული, საკვები და ტანსაცმელი მოპარეს“ და როდესაც „დვანიტმა სხვაგან გადასვლა გადაწყვიტა, ანილმა უარი უთხრა დეპოზიტის დაბრუნებაზე და თანამზრახველებთან ერთად დვანიტს ანგარიშიდან 6,500 აშშ დოლარი მოახსნევინა, ოთახში გამოკეტა და ტელეფონი წაართვა“.
გამოცემის ინფორმაციით, რაჯდიპის გათავისუფლების შემდეგ, მამამისმა მას ინდოეთში დასაბრუნებელი ბილეთი გაუგზავნა და რომ მან „აეროპორტში გასამგზავრებლად პასპორტი და ტელეფონი აიღო, როდესაც მისი ზარი მოულოდნელად შეწყდა საუბრისას“. გამოცემის ცნობით, სტუდენტის მშობლებმა აღნიშნეს, რომ „მაშინ როცა ინდოეთის საელჩო და ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები ეხმარებიან მათ, ქართული პოლიცია, ადგილობრივი ადმინისტრაცია ან უნივერსიტეტი მათთან არ თანამშრომლობენ“.
India Today ასევე იტყობინება, რომ რაჯდიპის მამასა და მეპატრონე ანილს შორის WhatsApp-ის შეტყობინებებმა გამოავლინა, რომ რაჯდიპსა და მეპატრონეს ადრე არაერთი უთანხმოება ჰქონდათ, მათ შორის „ინციდენტი, რა დროსაც მან, სავარაუდოდ, ანილის შეყვარებულს დაარტყა. შურისძიების მიზნით, ანილი დვანიტის მამას დაემუქრა და გააფრთხილა, რომ სტუდენტს სასტიკად სცემდა მისი ქმედებების გამო”.
This post is also available in:

7 hours ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·