სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში გადაასვენეს, 26 წლის ლევან ჯანგულაშვილის ცხედარი. ოჯახი სამართალდამცველებთან ერთად ლევან ჯანგულაშვილს 12 იანვრიდან ეძებდა. პოლიციამ მოკლულის ცხედარს თბილისში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე 22 იანვარს მიაგნო.
ნათესავის თქმით, ლევან ჯანგულაშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.
მოკლულის დეიდაშვილის, თემურ მათიაშვილის ინფორმაციით, ლევანის კვალი 12 იანვარს, თბილისში გოძიაშვილის ქუჩიდან, საღამოს 7 საათზე დაიკარგა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მკვლელობაში ბრალდებული, ლევან ჯანგულაშვილის ახლო მეგობარია.
"რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი, ეს ჩვენთვის უცნობია თუმცა ვიცით, რომ მკვლელობაში ბრალდებული მისივე მეგობარია. იმ დროს როცა ლევანს ვეძებდით, ეს პიროვნება (მეგობარი) ჩვენთან კონტაქტზე იყო და ამბობდა, რომ ლევანი ბოლოს მან ნახა მისთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად. ამას ალბათ კვალის არევის მიზნით ამბობდა... რა მოხდა სინამდვილეში არ ვიცით, ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონიათ. ლევანი ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა და არც სხვებთან ჰქონია უთანხმოება“, - ამბობს მოკლულის დეიდაშვილი თემურ მათიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ჯანგულაშვილს განზრახ მკვლელობის ბრალდებით 23 წლის ლ.ტ დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან ჯანგულაშვილს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინა. უწყების თანახმად, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.