თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება სირიის მოვლენებს. “ასადის დამცველ რუსეთს - პუტინის მეთაურობით, აღარ აინტერესებს მისი დაცვა" - ტრამპი

2 weeks ago 2

სირიაში ბაშარ ასადის 24 წლიანი მმართველობის დასრულებას მეამბოხეთა რაზმების მიერ, რომლებსაც აშშ-ში ტერორისტულად მიჩნეული ჯგუფი მეთაურობს, გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს და მათ შორის, აშშ-ის პოლიტიკოსებისგან.

აშშ-ის თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პრეზიდენტი ბაიდენი და მისი გუნდი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს განსაკუთრებულ მოვლენებს სირიაში და მუდმივად კონტაქტი აქვთ რეგიონში პარტნიორებთან.“

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა, დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ასადი გაიქცა თავისი ქვეყნიდან. “მისი დამცველი, რუსეთი ვლადიმირ პუტინს მეთაურობით აღარ არის მისი დაცვით დაინტერესებული” - დაწერა ტრამპმა X-ის პლატფორმაზე. აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, რომელიც ერთხელ უკვე იყო ამ თანამდებობაზე, თვლის, რომ “რუსეთი და ირანი დასუსტებული არიან, ერთი - უკრაინის და ცუდი ეკონომიკის და მეორე კი ისრაელის და მისი სამხედრო წარმატებების გამო”. წინა დღით ტრამპმა თქვა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სირიის კონფლიქტში.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიაო ტაჯანიმ განაცხადა, რომ მღელვარებით და ყურადღებით ადევნებს თვალყურს სირიაში ვითარებას. “მუდმივი კონტაქტი მაქვს ჩვენს საელჩოსთან დამასკში და პრემიერის ოფისთან”- წერს ტაჯანი.

სირიაში გაეროს საგანგებო წარგზავნილი გეირ პედერსონი მოუწოდებს სირიელებს, პრიორიტეტი მიანიჭონ დიალოგს, ერთიანობას და დაიცვან საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები, ნათქვამია განცხადებაში, სადაც პედერსონი ასევე გამოხატავს მზადყოფნას, მხარში დაუდგეს სირიელებს ამ გზაზე სტაბილური და ინკლუზიური მომავლისკენ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, დენიელ შაპირომ განაცხადა, რომ აშშ სირიის აღმოსავლეთში დარჩება და მიიღებს ზომებს, რათა არ აღორძინდეს ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფო.“

სირიის მეამბოხეთა დაჯგუფება, რომელმაც დაამხო ბაშარ ასადი სათავეში უდგას „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“, ადრე ალ-ყაიდის ნაწილი იყო. „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტული ორგანიზაცია.

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ადგილსამყოფელი კვლავ დაუდგენელი რჩება.

სრულად წაკითხვა