"თსუ-მ" "გურჯაანი" 2:0 ჩამოიტოვა, "ზესტაფონმა" "ქუთაისს" გაუთანაბრა

6 hours ago 2

7 მაისს დაწყებული სუპერლიგის ნახევარფინალური სერიები დღეს გაგრძელდა. სერიების მეორე მატჩებს ისევ თბილისმა და ქუთაისმა უმასპინძლეს. თსუ თბილისი არენაზე გურჯაანის დელტას შეხვდა, ხოლო ქუთაისმა იმერულ დერბიში ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა.

თსუ-სა და დელტას მატჩი წინ შეხვედრის დუბლიკატი გამოვიდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა კახეთის წარმომადგენელი დელტა იოლად, ზედმეტი გართულებების გარეშე – 88:74(სტატისტიკა) დაამარცხეს. შეხვედრაში არაფერი იყო ისეთი, რომლის გამორჩევაც ღირდეს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ეპიზოდს. მაგალითად სტუდენტების ამერიკელი ცენტრის, კარსონ ბაშამის ჩატენვას, ალექსანდრე ფევაძის მოხდენილ და აკრობატულ პასებს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილის სირენისა და ჯარიმის თანხლებით ჩაგდებულ სამქულიანს და ასე შემდეგ.

უშუალოდ თამაში დაძაბული არ ყოფილა, რადგან თსუ-მ თავიდანვე რომ მოიპოვა ლიდერობა, თამაშის ბოომდე მეტოქე ახლოს არ გაუკარებია. სხვაობა უსაშველოდ დიდიც არ იყო, მაგრამ 10-დან 20 ქულის ფარგლებში მუდმივად თამაშობდა. ისე არ მომხდარა, რომ ანგარიშის გამო მოედანზე ვითარება დაძაბულიყოს.

თსუ-ს ფევაძემ ულიდერა, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა, ხოლო უბერებელმა გიორგი ცინცაძემ 17 ქულა მიითვალა. დამარცხებულთაგან 20 ქულით ჯორდან სვოპშირი გამოირჩა, 15 ქულა ჰქონდა დანია კინგსბის.

სერიაში ანგარიში 2:0 გახდა, რაც ნიშნავს, რომ თსუ-ს ფინალში გასვლამდე 1 მოგება აშორებს, მომდევნო მატჩი 12 მაისს, გურჯაანში გაიმართება.

ქუთაისში კი ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, სერიაში ვითარება დაიძაბა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ქუთაისმა ზესტაფონის მარგვეთთან მარცხი განიცადა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. ეს ნიშნავს, რომ მოედნის უპირატესობა ზესტაფონელთა მხარეს გადავიდა და თუკი მარგვეთი მომდევნო 2 მატჩს საკუთარ მოედანზე მოიგებს, ფინალში გავა.

ქუთაისი ალბათ ასე იოლად არაფერს დათმობს – მოქმედ ჩემპიონს წელს ტიტულის შენარჩუნება სურს და 1 მატჩის წაგების გამო ბევრი არაფერი დააკლდება. ზესტაფონელებს კი მართლაც მხურვალე აპლოდისმენტები – ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი გუნდი ჯერ ნახევარფინალში რომ გავიდა, ამით დაიმსახურა ქება და ახლა გასვლითი გამარჯვებით ქუთაისს მოედნის უპირატესობა აართვა.

არადა, მასპინძლებმა თამაში რიგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდის შემდეგ 29:25 დაწინაურდნენ. მეორე ათწუთეულიდან ზესტაფონელთა ლეგიონერები ამოქმედდნენ. ვახტანგ გაფრინდაშვილმაც გაისწორა სამიზნე და მეორე პერიოდის 28:23 მოგების შემდეგ სტუმრები დიდ შესვენებაზე ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მარგვეთმა გამართული თამაშით მოახერხა მეტოქისგან თავის დაცვა. ბოლო პერიოდში მარგვეთის მოთამაშეები განსაკუთრებით კარგად ამოქმედდნენ და ბოლო წუთებზე ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებით ქუთაისს ყველა იმედი გადაუწურეს – 95:80 (სტატისტიკა). ზესტაფონელებს ტრადიციულად აკოლ მავეინმა ულიდერა – 24 ქულა, 8 მოხსნა, 22 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა მელიკ მარტინმა. ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე 20 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისში 20 ქულით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი. 15 ქულა ელაია ჯოინერის ანგარიშზეა.

სერიის მე-3 და მე-4 მატჩები ზესტაფონში, შესაბამისად 12 და 14 მაისს გაიმართება.

gbf.ge

სრულად წაკითხვა