,, თუ ამ სკვერს გადავავსებთ, რასაც 400-500 ადამიანი ეყოფა, მე იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას” – ლაშა ჩხვიმიანი

2 hours ago 2

რეჟისორმა, ლაშა ჩხვიმიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა;

მეხუთე დღეა დმანისის მერიის წინ ვდგავარ ჩემი მანქანით. აქ ვათენებ და ვაღამებ და ვშიმშილობ ხალხის ერთობის და გაერთიანების იმედით. ერთადერთი მამოტივირებელი ახლა ჩემთვის არის ეს იმედი და ფიქრი იმაზე, რომ ამ დეფაქტო ხელისუფლებას ჯერ არ აქვს იმის უნარები, რომ გაერთიანებულ ხალხს გაუმკლავდეს. მათ შეუძლიათ, რომ დასცინონ ციხეში გამომწყვდეულ მომაკვდა ადამიანს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ არ აქვთ იმის უნარები გამომუშავებული, რომ სამართლიანობის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს გაუმკლავდნენ. ამიტომ ყოველთვის ეშინიათ ჩვენი სიმრავლის და ითვლიან ჩვენს თავებს.

მე აქ ვადაგასული და მავნებელი ხელისუფლების იმედით არ ვდგევარ, პირიქით, მათზე გაბრაზებული დამახრჩობს ბრაზი, რომ მათ დაკარგეს ფოკუსი და მთავარი ღირებულება აღარ არის ადამიანი.

ახლა ჩვენს თვალწინ უსამართლობა ხდება. აღარ არის არც ფიქრის, არც ლაპარაკის დრო, ახლა არის მოქმედების დრო. ჩვენი ერთობით უნდა დავანახოთ, რომ უსამართლობის წინაღმდეგ ვართ. 

მე ამ ერთობის იმედი კი მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ჩემი თვალით დავინახო ეს ერთობა. მინდა, ჩემი თვალით დავინახო ეს გაერთიანებული ადამიანები. ესე მშვიდად დემოკრატიული, ჰუმანური პრინციპებით გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც ესე პრინციპულად დგანან ერთად. დმანისში მინდა მოხდეს ეს ერთ-ერთ ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტში.

დმანისი მინდა გახდეს ამ ერთობის მაგალითი. ეს ერთობა იყოს სწორედ გადამდები სხვა პატარა ქალაქებისთვის და არა ჩემი შიმშილობა. თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ მე დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას და გაერთიანებულ დმანისელებთან ერთად უფრო გაძლიერებული შევუერთდები ამ საერთო ბრძოლას. 

ეს ყველაფერი ავუხსენი დედაჩემსაც, რომელმაც პირველივე დღიდანვე ჩემთან ერთად დაიწყო შიმშილობა. მასაც მივეცი ხალხის ერთობის იმედი და მან დამიჯერა და ამ ერთობის იმედით შიმშილობა გუშინ შეწყვიტა. ოთხშაბათს საღამოს დმანისის მერიის წინ, დმანისის ცენტრალურ სკვერთან, სადაც ჩემი მანქანით ვდგავარ, თუ ამ სკვერს გადავავსებთ, რასაც 400-500 ადამიანი ეყოფა, მე იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას.

სხვა შემთხვევაში მე ისევ გავაგრძელებ შიმშილობას და ისევ ხალხის ერთობის მოლოდინში. მე აღარ შემიძლია ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც უსამართლობაზე თვალს ხუჭავენ და ჩვენ, ადამიანებს ერთმანეთის სოლიდარობის იმედი დაკარგული გვაქვს“, – ამბობს ჩხვიმიანი ვიდეო მიმართვაში.(ტვპირველი)

სრულად წაკითხვა