სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, 17 ივნისს ეროვნულ ასამბლეაში კითხვა-პასუხის სესიის დროს განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის შეჩერება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით არის შესაძლებელი.
„თუ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან ჩვენს კურსს, მოვუწოდებ მათ: დღევანდელი დღიდანვე გამოვიდნენ ქუჩაში, მოაწყონ ქვეყანაში რევოლუცია და შეცვალონ ხელისუფლება, რადგან სხვაგვარად ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
როგორც სომხური მედია წერს, მან მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“, დეპუტატ შირაკ ტოროსიანის შეკითხვის საპასუხოდ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაც გააკრიტიკა. მისი თქმით, გავრცელებული მოსაზრება, თითქოს სომხეთში 300 ათასი აზერბაიჯანელის იძულებით დაბრუნება იგეგმება, „სრულიად ყალბი, გამოგონილი და ხელოვნურად შექმნილი თემაა“.
ფაშინიანის შეფასებით, მსგავსი ნარატივების გავრცელებას მხოლოდ ის ძალები ცდილობენ, რომლებიც ქვეყნის მუდმივი კონფლიქტის ლოგიკაში დაბრუნებას ცდილობენ, მაშინ როდესაც ხელისუფლება მშვიდობის დღის წესრიგს ემხრობა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო არჩევნების დროს ოპოზიციური ძალები, მისი თქმით, მასშტაბურ ამომრჩეველთა მოსყიდვას ეწეოდნენ, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ამ პროცესის წინააღმდეგ ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს.
„სომხეთის პოლიტიკური ცხოვრებიდან იმ ადამიანების აღმოფხვრა, რომლებიც ამომრჩევლის მოსყიდვას ახორციელებენ, ჩვენი დღის წესრიგის პრიორიტეტია და მათ ყველა შესაძლო საშუალებით, სათითაოდ, ფესვებიანად ამოვძირკვავთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, 2021 წლიდან დღემდე ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეებზე ბრალდებული არც ერთი პირი სასჯელს საპატიმროში არ იხდის, რაც მისთვის მიუღებელია.
რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი სრულად აკონტროლებს გარე საფრთხეებს და ქვეყნისთვის მთავარ რისკს შიდა „რევანშისტული ძალები“ წარმოადგენენ.
ფაშინიანის შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საკუთარი განცხადებებითა და პოლიტიკური გზავნილებით მეზობელი ქვეყნების მიმართ დაძაბულობას ზრდის და უსაფრთხოების დამატებით საფრთხეებს ქმნის.
ფაშინიანმა ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი ასევე უცხოურ ინტერესებთან დაკავშირებულ ძალებად მოიხსენია და მათ მიმართ კომპრომისების შესაძლებლობა გამორიცხა.
„ამ საფრთხეებს კონკრეტული სახელები აქვთ – რობერტ ქოჩარიანი, კალუგელი ოლიგარქი და პრობელარუსი ოლიგარქი. ისინი საკუთარ ბუდეში უნდა განადგურდნენ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·