თუნდაც ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს - გიგა ბოკერია

1 day ago 3

ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება „ქართული ოცნების“ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მმართველი გუნდი სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.

„როდესაც რეჟიმი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, ის ამით არა ამა თუ იმ პოლიტიკოსის, არამედ მოქალაქეების ნების გაუქმებას ცდილობს. რეჟიმი აპირებს წარმომადგენლობით დემოკრატიაში თავად გადაწყვიტოს, ვის აქვს უფლება, წარმოგადგინოთ“, - ამბობს ის.

„ივანიშვილს სურს, თავად გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც თქვენ გეკუთვნით. ეს ნიშნავს სახელმწიფოს მიტაცების ფორმალურად დაკანონებას - რომ სახელმწიფო ივანიშვილის საკუთრებაა და არა ამ ქვეყნის მოქალაქეების“, - წერს ბოკერია ფეისბუკზე.

მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით „რეჟიმი არა მხოლოდ ამ ეტაპზე ასაკრძალი პარტიების ამომრჩევლებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს, რადგან თუნდაც ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს“.

„ამ ნაბიჯით რეჟიმს სურს საქართველოს მოქალაქეების ძარცვა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ღალატი კიდევ უფრო გაიმარტივოს. დიქტატორული რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, ყველა მსგავსი უკანონობა წარსულს ჩაბარდება“, - მიიჩნევს ის.

დღეს, 28 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მედიას გააცნო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი სარჩელის შინაარსი. როგორც პარტიის ლიდერმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, მოითხოვენ სამი პარტიის აკრძალვას:

  • „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „ლელო - ძლიერი საქართველო“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“;
  • ჩამონათვალში არ მოხვდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სასამართლოში აღარ მოითხოვენ კონკრეტული ინდივიდებისთვის საქმიანობის აკრძალვას.

პაპუაშვილმა ასევე ჩამოთვალა სხვა, მცირე ზომის პარტიები:

  • ელენე ხოშტარიას „დროა“
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“
  • „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“,
  • „ფედერალისტები“
  • „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“

თუმცა განაცხადა, რომ მათ „სიდიდით, ორგანიზებული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ გააჩნიათ“ და „ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება“.

იქვე დაამატა, რომ „მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, მოითხოვდნენ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას. გახარიას პარტიამ დღეს, 28 ოქტომბერს საპარლამენტო მუშაობა დაიწყო.

27 ოქტომბერს „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა "ქართული ოცნების" მიერ პარტიებისა და კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავ კანონებთან დაკავშირებით. ისინი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.

„ასაკრძალი“ პარტიების გამოხმაურებები ასეთია:

  • „ნაციონალური მოძრაობა ბრძოლას გააგრძელებს“ - თინა ბოკუჩავა;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“: „პარტიები არის ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის, სხვა შემთხვევაში რეჟიმებს ცვლის ხალხი“
  • ირაკლი კუპრაძე: „ეს არის გამოწვევა, რომელსაც მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას“.
სრულად წაკითხვა