თურქეთის ცნობით, სტამბოლთან ახლოს „ორლან-10“ ტიპის რუსული დრონი ჩამოვარდა

2 hours ago 3

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლთან ახლოს, კოჯაელის პროვინციაში, „ორლან-10“ ტიპის დრონი ჩამოვარდა. უწყება ინციდენტის გარემოებებს იძიებს. ადგილობრივმა მცხოვრებმა გაზეთ Hurriyet-ს უთხრა, რომ დრონი ოთხშაბათს ჩამოვარდა, თუმცა ამის შესახებ დაუყოვნებლივ არ განაცხადა, რადგან ფიქრობდა, რომ მას მფლობელი ჰყავდა.

ეს ამ კვირაში თურქეთში ჩამოვარდნილი მეორე რუსული უპილოტო საფრენი აპარატია. 15 დეკემბერს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე „კონტროლიდან გამოსული“ რუსული დრონი ჩამოაგდო.

ღია წყაროების თანახმად, „ორლან-10“ ტიპის დრონები დაზვერვისა და თვალთვალისთვისაა განკუთვნილი, მათი მოქმედების რადიუსი 600 კილომეტრამდეა, ფრენის ხანგრძლივობა 16 საათამდე, შეუძლიათ ხუთ კილოგრამამდე ტვირთის გადატანა.

დრონის ჩამოვარდნაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ არც თურქეთში რუსეთის წარმომადგენლებს და არც რუსეთის ხელისუფლებას.

სრულად წაკითხვა