„თქვენთან სიკვდილს რა უნდოდა, ბავშვებო!“ – შემზარავ ავარიას ოთხი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

4 days ago 3

„თქვენთან სიკვდილს რა უნდოდა, ბავშვებო!“ - შემზარავ ავარიას ოთხი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლასიტყვებით გადმოცემა ძნელია იმ ტრაგედიის, რაც ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა და ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მეორე მანქანაში მყოფი სამი დაშავებული კი ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.

დაღუპულები არიან  – ლაშა ქირია, თაკო შულაია, ლიზი გერგედავა და მარიამ დოხნაძე. ოთხივე მეგობრები იყვნენ, ზუგდიდში, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ.

„ერთად გაზრდილები არიან, თანატოლები, მეგობრები, ერთ ეზოში გაზრდილები. წარმოუდგენელია იმის გააზრება, რაც მოხდა. განადგურებულები ვართ ყველანი. ასეთ დროს რა უნდა გითხრათ, ყველა ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდები არიან. მეხის გავარდნას ჰგავს ეს ამბავი. კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, ცეცხლი როგორ გაუჩნდა მანქანას და ეტყობა გამოსვლა ვერც ერთმა ვერ შეძლო. უბედურება მოხდა, როგორ უნდა მიუსამძიმრო ოჯახებს”,- ამბობს ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“.

ერთ-ერთი დაღუპული 24 წლის ლაშა ქირიაა.

„ეს როგორ მოხდა დაუჯერებელია… სიცოცხლით სავსე ლაშიკო, ზრდილი, კეთილი. რატომ ასეთი განსაცდელი მის ოჯახს… ლაშა ოჯახის ერთადერთი შვილი იყო”,-  ამბობს „პრაიმ ტაიმთან“ ოჯახის ახლობელი.

„ჩემო საოცარო მარიამ, თავი კოშმარში მგონია… გაუსაძლისი ტკივილია“, „ჩემი პატარა მარიამი, როგორ შვილივით მყავდი გულში. გული მეგლიჯება, ღმერთო…”, „მთელმა ბავშვობამ თვალწინ ჩამიარა, როგორ დავიჯერო? როგორ დავიჯერო რომ აღარ ხარ?“, – წერენ მარიამ დოხნაძის ახლობლები სოციალურ ქსელში.

„თაკო, ჩემო ლამაზო უსაყვარლესო გოგო, შენზე როგორ უნდა დავწერო სამძიმრის სიტყვები, ძალიან მეტკინა გული. შენ როგორ გაგიმეტა უფალმა ასე. ვერ ვიჯერებ, სიტყვები არ მყოფნის, როგორი სიცოცხლით სავსე იყავი, მუდამ მომღიმარი, მხიარული. შენზე ამას როგორ უნდა ვწერდე. მენანები ძალიან. უფალმა დაუმკვიდროს ცათასასუფეველი პრინცესა გოგოვ. ლიზი,  მარი, გოგოებო, სულ ერთად იყავით განუყრელად. ყოველთვის მიხაროდა თქვენი ნახვა,  უამრავი დადებითი ემოციემით და პოზიტივით ავსებდით ირგვლივ ყველაფერს. რა უნდოდა თქვენთან სიკვდილს, ბავშვებო, ასე სასტიკად რატომ გაგიმეტათ უსამართლო ცხოვრებამ, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი” – წერს სოციალურ ქსელში თაკო შულაიას ახლობელი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა