„სარკე“, რუსუდან ადვაძე, არქივი, 2024 წელი
გორელმა ჟურნალისტმა, ია თინიკაშვილმა, რომელიც სხვადასხვა ტელეკომპანიებთან და საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობს, დიდი განსაცდელი გამოიარა. თავის ტვინის სისხლძარღვებზე გაჩენილ ანევრიზმას სასწაულით გადაურჩა.
ია ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში გაემგზავრა, სადაც ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. რამდენიმეთვიანი გაურკვევლობის შემდეგ ჟურნალისტი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა უკვე გადაფასებული შეხედულებებით.
მისთვის ეს მე-13 ქირურგიული ჩარევა იყო. ცხოვრებაში სხვა დროსაც ჰქონია რთული პერიოდები. გადატანილი განსაცდელების შედეგად მიღებული გამოცდილების შესახებ მან „სარკეს” უამბო.
ია თინიკაშვილი: ჯანმრთელობას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. როგორც წესი, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვიტარებ ყველა სახის კვლევას. 2020 წელს შემხვდა კორონავირუსი, რომელიც ძალიან რთულად გადავიტანე. 6 დღეში სამი ქირურგიული ოპერაცია გამიკეთდა მუცელზე – მიკროთრომბები და შეხორცებები განვითარდა. დაკარგული მქონდა დიდი რაოდენობით სისხლი, ვერც გადამისხეს, რადგან კორონას ფონზე ეშინოდათ.
შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ,,კავკასიის მედიცინის ცენტრშიძძ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ლექსო ლაგვილავამ, გადამარჩინა. ამის შემდგომ თუ კიდევ რაიმე პრობლემა წარმოიქმნებოდა, ვეღარ წარმოვიდგენდი.
ამ სამი ოპერაციის გარდა, მუცელზე გაკეთებული მაქვს ორი საკეისრო კვეთა. ერთი შვილი მყავს, მეორე დამეღუპა… ასევე მაქვს გაკეთებული აპენდექტომია. საბოლოო ჯამში, მხოლოდ მუცელზე მაქვს გაკეთებული 6 ღია მუცელკვეთა, არც ერთი – დამზოგავი მეთოდით.
ამ პრობლემის გამო გავაასმაგე ჯანმრთელობაზე ზუნვა, კონსულტაციისთვის გერმანიაშიც კი წავედი გასულ წელს და ყველა რეკომენდაციას ვიცავდი.
– თავის ტვინზე პრობლემა როგორ დაიწყო, რას უკავშირებთ?
– გასული წლის ნოემბერში მეგობართან ერთად კვიპროსზე ვიყავი. იქიდან რომ ჩამოვედი, მეორე დღესვე გავედი სამსახურში და დილის 7 საათიდან საოკუპაციო ხაზთან ვმუშაობდი. ეს ის დროა, თამაზ გინტური რომ მოკლეს ოკუპანტებმა. კვიპროსზე ტემპერატურა 32 გრადუსზე მეტი იყო, აქ კი მხოლოდ 6-7 გრადუსი.
იმ დღეს დაასაფლავეს გინტური და იქ, კირბალში, სასაფლაო მაღალ ადგილასაა. თვალები ისედაც სუსტი მაქვს და სიცივესა და ქარზე კონიუნქტივიტი მალევე მეწყება, თვალებს მიღიზიანებს.
დამეწყო მარცხენა თვალბუდის მიდამოს ძლიერი ტკივილი და ცრემლდენა. მე, როგორც მოწესრიგებული პაციენტი და მოქალაქე, მაშინვე დავუკავშირდი ოფთალმოლოგს. დამინიშნა მკურნალობა, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რომ უფრო ნევრალგიური იყო ჩემი პრობლემა. რამდენიმე დღეში დამეწყო სახის მარცხენა ნაწილის მთლიანი ტკივილი. პარეზივით მქონდა და თვალიც დამიპატარავდა.
მივედი ნევროლოგთან, რომელმაც მითხრა, რომ უნდა გადამეღო თავის ტვინის ემერტე კვლევა მაღალტექნოლოგიურ აპარატზე. როგორც აღვნიშნე, უამრავ კვლევას ვიტარებდი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია თავის ტვინის გადაღება. მანქანის სააფთიაქო ყუთი მაქვს ისე ძალიან მოწესრიგებული, იშვიათ მძღოლს რომ ექნება, მაგრამ იქ თავის ტკივილის არაფერი მაქვს, რადგან არასოდეს მტკივა.
გადავიღე თავის ტვინის ემერტე და მეორე დღეს მითხრეს, რომ კლინიკის კლინიკური დირექტორი, დავით ყაზაიშვილი, თავის კაბინეტში მელოდებოდა. რომ შევედი მის კაბინეტში, ნეიროქირურგიც იქ დამხვდა. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი საქმე კარგად არ იყო.
აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში მქონდა ანევრიზმა, რომელსაც საკმაოდ ცუდი მდებარეობა ჰქონდა – საძილე არტერიაზე იყო. შეიძლებოდა, ნებისმიერ წუთს გამსკდარიყო.
მე ვარ ძალიან აქტიური ადამიანი. დაივინგზე ვიყავი ჩაწერილი წინა დღეებში და რატომღაც ბოლო წუთებში გადავიფიქრე და ეს სასწაულია, რადგან დაივინგის შემთხვევაში, ამოყვინთვისას იმ ტიპის წნევა იქმნება, რომ ჩემი ანევრიზმა აუცილებლად გასკდებოდა. ასე მითხრა ყველა ექიმმა ცალსახად.
უდიდესი შოკი იყო ჩემთვის ეს დიაგნოზი. ყველა ნეიროქირურგმა, ვინც თბილისში ანევრიზმებზე მუშაობს, ცალსახად მითხრა, რომ ძალიან დიდი რისკი იყო ოპერაციის გადადება. გახეთქვა უმრავლეს შემთხვევაში ლეტალობით ან ინვალიდობით მთავრდება. თან, გააჩნია, სად არის პაციენტი და რამდენ ხანში მოხდება მისი მიყვანა კლინიკაში. ასევე, გააჩნია, რა რაოდენობის სისხლს გაისვრის გახეთქილი ანევრიზმა…
– ქართველ ექიმებს ისევ თურქი მედიკოსები ამჯობინეთ…
– ეს ოპერაცია ტარდება საქართველოში, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემი მეცამეტე ოპერაციაა… 6 მუცელზე, 5 თვალებზე, ხელებზე… ამდენი ნარკოზი, ამდენი ანესთეზია… კომპიუტერული ტომოგრაფიაც ბევრჯერ გადამიღეს კორონას დროს, რასაც გვერდითი მოვლენებიც აქვს… შესაბამისად, ვიფიქრე, რომ თურქეთში გამეკეთებინა.
ყველამ ვიცით, რომ თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევა ერთ-ერთი რთული რამაა და რისკიც მეტი ახლავს. იმის მიუხედავად, რომ ყველა აღნიშნავს და მეც ვთვლი, რომ საკმაოდ ძლიერი ვარ… ბევრი მძიმე დღე მაქვს გადატანილი სამსახურებრივად, სამუშაო გარემოს მხრივ თუ პირადი ტრაგედიების გამო, ვთვლი, რომ ძლიერი ვარ, მაგრამ, ამის მიუხედავად, იმდენად რთული აღმოჩნდა ამ დიაგნოზის მიღება, რამდენიმე დღე ვიჯექი და ვტიროდი. მერე შევეგუე და მივხვდი, რომ მოქმედება უნდა დამეწყო.
ძალიან მალე დაიგეგმა ოპერაცია და შეირჩა კლინიკა. გვერდით დამიდგნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროები. მე თავდაცვის სამინისტროშიც ვმუშაობ – ამ უწყების სიპი გახლავთ გორის სამხედრო ჰოსპიტალი, რომლის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და პიარის მიმართულებაც მაქვს ჩაბარებული.
– ფინანსურად დაგეხმარნენ?
– ფინანსურადაც და კლინიკის შერჩევაშიც. ბუნებრივია, მეგობრებისა და ოჯახის მხრიდანაც დიდი თანადგომა მქონდა.
თურქეთში გამგზავრებას მანქანით ვფიქრობდი, რომ ფრენა რისკის შემცველი არ ყოფილიყო, მაგრამ თურქმა ექიმებმა გვითხრეს, რომ ფრენას უპრობლემოდ შევძლებდი.
ჩასვლიდან სამ დღეში დაიგეგმა ოპერაცია და როდესაც ოპერაცია დაიწყო, აღმოჩნდა, რომ უკვე გაჟონვა იყო დაწყებული. ოპერაცია 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თან მახლდნენ ჩემი ვაჟი და ჩემი მეგობარი, ნატა კოპაძე. მათთვის ეს წარმოუდგენლად დიდი დრო იყო, რადგან, როგორც გვითხრეს, ოპერაცია მხოლოდ საათნახევარი ან 2 საათი უნდა გაგრძელებულიყო.
თურქმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ტრეპანაციაც არ მომხდარიყო ანუ თავის ქალა არ ამხადეს. არადა, როდესაც ანევრიზმა სკდება ან გაჟონვაა დაწყებული, ყოველთვის ღია წესით აკეთებენ ოპერაციას, ანუ, ჩვენ რომ თავის ქალის ახდას ვეძახით. ჩემს შემთხვევაში ენდოვასკულარულად გაკეთდა, ანუ მენჯის არტერია გაჭრეს და იქიდან მიმდინარეობდა ოპერაცია 4 საათის განმავლობაში და თავში სტენტიც ჩამიდგეს.
– ახლა როგორ გრძნობთ თავს?
– პირველმა თვემ, კრიზისულმა პერიოდმა გაიარა. ვერ ვგრძნობ, რომ თავში რაღაც უცხო საგანი მიდგას და მთლიანად დავუბრუნდი სამუშაო გარემოს. დიდი ჰემატომები მქონდა და ერთი თვე დასჭირდა ამ ყველაფრის ალაგებას. ჰემატომები მქონდა ქვედა კიდურებზე, საიდანაც შევიდნენ და ასე რომ გახანგრძლივდა ოპერაცია, გარკვეული ჩაქცევები მოხდა. ახლა ყველაფერი ალაგდა. თურქი ექიმებისგან გარკვეულ რეკომენდაციებს ვიღებდი ტელეფონის მეშვეობით.
მოხეტიალე ვარ და უკვე მთაც მოვიარე. მანქანაში აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს – გასაშლელი ნიჩაბი, ცეცხლის სწრაფად ასანთები საშუალებები… ახლაც წავედი ბაკურიანში, გადავედი ტაბაწყურისკენ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლი ვიპოვე და ყველაფერი კარგად ავიტანე – სიმაღლისა და წნევის ცვალებადობა. ზამთარში იკეტება ეს ადგილი, მაგრამ მე ვიცი გზები და ვახერხებ, დიდი თოვლი ვიპოვო.
ახლობლები მეუბნებიან, ვიფრთხილო, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, რომ შემიძლია, ჩემს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე. ჩემთვის ყველაზე ტრავმულია, როდესაც იძულებით მიწევს სახლში ყოფნა და არაფრის კეთება. მიყვარს ბევრი მოძრაობა და მუშაობა.
მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გამოვიარე, არაერთი ადამიანი დამიკავშირდა კონსულტაციისთვის. ჩვენს ორ კოლეგას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მე ახლა ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გავამხნევო, რა უნდა გავაკეთო მათთვის, რომ შეუმსუბუქდეთ ეს ყოფა. ბუნებრივია, რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ.
სხვათა შორის, რამდენიმე ახლობელმა ტომოგრაფიაც კი გაიკეთა, როცა დაინახეს, როგორი მოულოდნელი იყო ეს ამბავი ჩემთვის. საბედნიეროდ, არაფერი აღმოაჩნდათ.
– თავის ტვინში ჩადგმულ სტენტს გამოცვლა ხომ არ უნდა დროთა განმავლობაში?
– არა, არ იცვლება, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ტვინი მას აღიქვამს უცხო სხეულად და ებრძვის, რომ გამოდევნოს. ასეთ დროს იწყება შეშუპება, ანთებითი პროცესი… მე კი თავს კარგად ვგრძნობ და ყველაფერი კარგად არის.
– მსგავსი განსაცდელი, სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა ადამიანს შინაგანად ცვლის, ხშირად ღირებულებების გადაფასება ხდება. ამას თქვენც გრძნობთ?
– ჩვენს ყოველდღიურობაში ბევრ სისულელეზე ვიშლით ნერვებს, მაგალითად, სოციალურ ქსელში მეგობრის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე. შეიძლება შენ განსხვავებული აზრი დააფიქსირო და ვიღაცამ გაგლანძღოს, მთელი დღე მოგიშხამოს. შეიძლება თანამშრომელმა თუ ახლობელმა მოგიშალოს ნერვები. მე კი ახლა იმხელა განსაცდელი გამოვიარე, სასაცილოა, რაზე ვიშლიდი ნერვებს. ამ დროს უფრო მეტად ხედავ სიცოცხლის ფასს. ეს შევიძინო, ეს გავაკეთო – გეგმებს ვაწყობთ და ამ დროს…
რეანიმაციაშიც მომიხდა ყოფნა ორი დღის განმავლობაში და განძრევაც არ შეიძლებოდა. როდესაც ცოტა უკეთ გავხდი და აზროვნება დავიწყე, მაშინ ვიფიქრე, სიცოცხლე რა ძალიან მაგარი რამეა და რისი გულისთვის ვუშლით ხშირად ერთმანეთს ნერვებს.
მთელი ცხოვრება, რაც ხელფასს ვიღებ, ყოველთვის მაქვს ხოლმე გადადებული გარკვეული რაოდენობის თანხა სხვების დასახმარებლად. ვეხმარები იმ ადამიანებს, ვისაც ჩემზე მეტად ესაჭიროებათ. ეს განცდა ახლა გამიათმაგდა – ვდგავარ და ყველას ვეხმარები. მივხვდი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს თუნდაც ერთ ლარს და სიტყვიერ თანადგომასაც კი. რომ გვგონია, აბა, მე რით უნდა შევეწიო, მეც ხომ არ მაქვს ბევრიო, ამ დროს ყველა ნაბიჯს, სიტყვას, ყველა თეთრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ყველასთვის უფრო მეტად დავიხარჯო და მეტი გავაკეთო.
– პირადი ტრაგედიები ახსენეთ… რა ტრავმები გაქვთ გადატანილი?
– და-ძმა არ მყავს, მამაც ჩვენთან არ ცხოვრობდა და მეუღლესაც 17-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გავშორდი მისი მხრიდან ღალატის გამო.
საბედნიეროდ, ჩემს ვაჟს, ბექას, ძალიან კარგი ოჯახი აქვს და ორი შვილიშვილის ბებიაც ვარ. ისინი ცალკე ცხოვრობენ და მე და დედაჩემი – ერთად, თუმცა ბექა ჩვენთან ახლოს ცხოვრობს და ბავშვები ხშირ შემთხვევაში ჩვენთან არიან. დედაჩემს მთელი ცხოვრებაა, აქვს ჩემ მიმართ პრეტენზია, რომ ზედმეტად აქტიური ვარ. თვითონ ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ქალია, მე – ემოციური და მაწანწალა. დედა ვერ შეეგუა იმას, რომ გავიზარდე და ძალიან მალე 50 წლის ვხდები. სულ მეუბნება, უკვე ორი შვილიშვილი გყავს და როდის უნდა დაღვინდეო. სულ ჰგონია, რომ მგელი შემჭამს.
ოჯახის დანგრევა ერთ-ერთი მძიმე რამაა, რაც მუდამ გაგყვება ადამიანს ტრაგედიად. ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. 17 წელი მშვიდობიანი თანაცხოვრება და კარგი ოჯახი გვქონდა და ეს ღალატი იმდენად მოულოდნელი იყო…
– დიდი სკანდალით გაშორდით, რამდენადაც ვიცი…
– კი, საკმაოდ ხმაურიანი გაშორება გამოგვივიდა, თუმცა ამაზე საუბარი არ მინდა. მას ახლა სხვა ოჯახი ჰყავს და თავს ვიკავებ ამ თემაზე ლაპარაკისგან. წარსულში დავტოვე და არასოდეს მინანია ოჯახის დანგრევა, იმის მიუხედავად, რომ ქალისთვის მარტო ცხოვრება მარტივი არ არის. მე არ შემიძლია ღალატის ატანა. ბევრი ქალი ვიცი, რომლებმაც იციან, რომ მათ ქმრებს ჰყავთ სხვაც, მაგრამ ამ ყველაფერს ეგუებიან. როგორც კი გავიგე დადასტურებულად ამ ღალატის შესახებ, ჩემი და ჩემი ქმრის თანაცხოვრებას იმ დღესვე დაესვა წერტილი. ვერაფრით შევეგუებოდი.
ჩემი მძიმე ტრაგედიაა ის, რომ 2008 წლის აპრილში ჩემს შვილს მუცელში გული გაუჩერდა. 8 თვის ორსული ვიყავი, მეცხრე თვეში. ისიც ბიჭი იყო. საკეისრო კვეთით ამოიყვანეს… ბერებმა დაკრძალეს.
განსაკუთრებულად ველოდებოდი ამ ბავშვს. 35 წლის ვიყავი და… პირველი შვილი რომ შემეძინა, პატარა გოგო ვიყავი, სტუდენტი. მე თბილისში ვსწავლობდი, ბავშვი დედაჩემთან იზრდებოდა გორში. შესაბამისად, მაშინ ვერ აღვიქვი, რა იყო დედობა. 35 წლის ქალისთვის კი დედობის მოლოდინი სულ სხვა იყო.
იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე მქონდა ძალიან კარგი შემოთავაზება და შემეძლო, თბილისში გადმოვსულიყავი, რის გამოც ეს არ გავაკეთე, ამის ერთ-ერთი მიზეზი საცობებია. სიცოცხლეს ვაფასებ და დროის დაკარგვა არ მიყვარს. როდესაც თბილისში ყოფნა მიწევს, დღის განმავლობაში, მინიმუმი, ერთ საათს მაინც ვკარგავ საცობებში, რაც ჩემთვის უმძიმესი ამბავია. ვნერვიულობ იმაზე, რომ ისედაც ძალიან მოკლეა ჩვენი სიცოცხლე და მე საათნახევარი დავკარგე უაზროდ დგომაში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო.
ახლა კი მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ალბათ გვიანია, უკვე 50 წლის ვხდები. არც ვგრძნობ ამ ასაკს და ვიზუალურადაც ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კოსმეტიკური ჩარევა არ დამჭირებია ამ დრომდე. კმაყოფილი ვარ იმის, რაც მაქვს და არც ასაკს ვმალავ!
ახლა ვთვლი, რომ ორი დაბადების დღე მაქვს – 22 თებერვალს და 22 დეკემბერს, როდესაც თავის ტვინზე ოპერაცია გამიკეთეს და ბედნიერად და კეთილად დასრულდა.