ია ფარულავა ცილისწამებისთვის უჩივის „იმედსა“ და სხვა მედიასაშუალებებს

2 hours ago 1

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა რამდენიმე მედიასაშუალებას, მათ შორის ტელეკომპანია „იმედს“ უჩივის ცილისწამებისთვის. მიზეზი მისი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორად მოხსენიებაა. 

როგორც ია ფარულავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, მის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო მის მიერ ორგანიზებული აქციების გამართვის შემდეგ, 21 აგვისტოს.

„21 აგვისტომდე იყო დუმილი... მე ნამდვილად ვიყავი ორი მშვიდობიანი და არაძალადობრივი დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 2025 წლის 22 მარტს და 4 ივლისს, სადაც მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავაპროტესტეთ. ამის „ძალადობრივად“ მონათვლა არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც ჩემი სახელის გატეხვას და რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად“, - ამბობს ია ფარულავა.

4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ია ფარულავას ინიციატივით თბილისში გაიმართა აქცია - მიზანი აშშ-ისთვის მხარდაჭერის თხოვნა იყო. დემონსტრანტები აშშ-ის დროშებით ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.

ტელეკომპანია „იმედის“ გარდა, მსახიობი და ტელეწამყვანი უჩივის ვებგვერდებს: Kvira.ge; Lideri.ge; Newshub.ge; Exclusivetv.ge; Exclusivenews.ge; Digest.ge; Infopostalioni.com; NSP.ge და Resonancedaily.com.

სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 17 სექტემბერს შეიტანეს. ია ფარულავა ითხოვს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის კომპენსირებას.

როგორც მსახიობის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მათ მიმართეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც - ორგანიზაციას, რომელიც ჟურნალისტების მხრიდან ეთიკური საკითხები დარღვევის გამოვლენაზე მუშაობს.

სრულად წაკითხვა