„ინტერის“ შვეიცარიელმა კიპერმა, იან ზომერმა, „ბარსელონასთან“ გამართული დაუვიწყარი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. დრამატულ შეხვედრაში, რომელიც მილანურმა კლუბმა 4:3 მოიგო, ზომერი ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
მეკარემ გულშემატკივრებს თავისი გადამწყვეტი სეივებით დაამახსოვრა თავი. როგორც თავად აღნიშნა, ასეთი თამაშები არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ გამძლეობასაც მოითხოვს.
„ძალიან ემოციური მატჩი იყო. ვერ ვიტყვი, კონკრეტულად რომელი სეივი იყო ყველაზე რთული – მაგრამ ბოლო ნამდვილად გამორჩეული გამოდგა. იამალი გამორჩეული ტალანტია – მუდამ აგრესიულად უტევს და დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მიხარია, რომ გოლის გატანა ვერ შეძლო“, – აღნიშნა შვეიცარიელმა.
ზომერმა ასევე ხაზი გაუსვა გუნდის მებრძოლ ხასიათს: „როდესაც ანგარიში 2:3 იყო, ბევრ გუნდს მოტივაცია დაეკარგებოდა. მაგრამ ჩვენ არ დავნებდით და თამაშის ბედის შეცვლა შევძელით. ეს გამარჯვება მთლიანად გუნდის მონდომებას და მენტალიტეტს ასახავს.“
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც 31 მაისს მიუნხენში, „ალიანც არენაზე“, პსჟ-ს ან „არსენალს“ დაუპირისპირდება.