კრისტალბე ეროვნულ ლიგაში მე-14 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა. იბერია 1999-მა სამგურალს მოუგო და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. ქუთაისში კი ტორპედომ აჯობა დინამო ბათუმს. ეს ტორპედოელთა ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.
ტორპედო 1:0 დინამო ბთ
ქუთაისელებმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს, აი ბათუმელებს კი მიჯრით ხუთი მოუგებელი მატჩი მოუგროვდათ.
ტორპედო ისევ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ამ დროისთვის მეორეზე მყოფ ბათუმელებს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
ერთადერთი გოლი ბიორნ იონსენმა გაიტანა 54-ე წუთზე. მან ბურთი ჩაჭრა, პაატა ღუდუსაურს გააყოლა. შემდეგ მისგან მიიღო პასი და ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა - 1:0.
იონსენს, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, წლეულს 4 გოლი აქვს გატანილი.
იბერია 1999 2:1 სამგურალი
იბერია 1999-მა მორიგი მატჩი მოიგო და ამ მომენტისთვის 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლოს შარშან 18 სექტემბერს წააგო ქუთაისის ტორპედოსთან (1:2), მას მერე კი 26 მატჩია არ დამარცხებულა...
სამგურალისთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხია. მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ბრაზილიელ ტიაგო გომესს.
პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა, მეორეში კი იური ტაბატაძემ პენალტით გახსნა ანგარიში. ეს იურის მეშვიდე გოლია სეზონში... ის პენალტი ნიკა ხორხელის აქტიურობას მოჰყვა.
62-ე წუთზე სამგურალმა ლაშა შერგელაშვილის შორიდან გატანილით გაათანაბრა - 1:1.
მალევე, მეორე პენალტი დაინიშნა სამგურალის კარში, ისევ ნიკა ხორხელმა მოიპოვა და ისევ იური ტაბატაძემ დაარტყა. თუმცა მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია!..
იბერია 1999-მა მაინც გაიმარჯვა: მინდორზე რვა წუთის შესულმა დავით სხირტლაძემ გიზო მამაგეისვილის კუთხურიდან ცაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა კარში - 2:1. ეს სხირტლაძის პირველი გოლია იბერია 1999-ის მაისურით.
erovnuliliga