კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ტური დასრულდა. სამი მატჩი გაიმართა. იბერია 1999-მა, დინამო ბათუმმა და გაგრამ სამ-სამი ქულა აიღეს.
იბერია 1999 2:1 გარეჯი
მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ გაიმარჯვა და ლიდერობას განაგრძობს. იბერია 1999-მა საგარეჯოს გარეჯს სძლია. საგარეჯოელები პირიქით, ბოლო ადგილზე არიან.
სწრაფი გოლი გავიდა. გიზო მამაგეიშვილის გარღვევას მოჰყვა პენალტი და იური ტაბატაძემ ზუსტად დაარტყა. ტაბატაძე 5 გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
მეორე ტაიმში გარეჯმა გაათანაბრა, კერძოდ, ლევან პაპავამ გაიტანა.
გადამწყვეტი კი გამოდგა 89-ე წუთზე ივა გელაშვილის გატანილი გოლი. კუთხური, ირაკლი სიხარულიძის თავით პასი და გელაშვილის დამატება - 2:1.
თელავი 0:1 გაგრა
გაგრამ თელავში მოიგო. დაძაბული თამაში გამოდგა და მთავარი ამბები მეორე ტაიმის შუაში დატრიალდა.
65-ე წუთზე გაგრას ნახევარმცველმა ოთარ გაგნიძემ კარგი გარღვევის შემდეგ პენალტი მოიპოვა. 11-მეტრიანი გუნდის კაპიტანმა მათე ცინცაძემ შეასრულა და კარს გადააცილა ბურთი.
რამდენიმე წუთში მეორე პენალტი დაინიშნა თელაველთა კარში. ამჯერად გაგნიძემ დაარტყა, მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია და დამატებაზე მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ ძლიერი დარტყმით გაიტანა - 0:1.
თელავსაც და გაგრასაც ახლა 10-10 ქულა აქვთ.
დინამო ბთ 2:0 სამგურალი
ბათუმელებმა 2:0 მოუგეს წყალტუბოელებს და მეორე ადგილზე არიან, თანაც წაუგებლად მიდიან წინ. სამგურალს პირიქით, ცუდი პერიოდი აქვს, ბოლო ხუთ თამაშში მხოლოდ ორი ქულა აიღეს.
მე-8 წუთზე გაიტანეს მასპინძლებმა, კერძოდ, უერდი მარას ჩაწოდებული ბურთი ლუკა წულუკიძემ მიიღო და აკრობატული დარტყმაც მიაყოლა. ლამაზი გოლი იყო.
მეორე ბურთი კი ბოლო წუთებზე გავიდა. ლიეტუველმა გიტის პაულაუსკასმა მეტოქეს ბურთი წაართვა, ჯალენ ბლესასთან კედელი გაითამაშა და მერე ზუსტი დარტმით გაუტანა ნოდარ ყალიჩავას - 2:0. ეს პაულაუსკასის პრველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
erovnuliliga