თბილისის "uბერიის“ აკადემიის აღზრდილი და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, გიორგი ტაბატაძე კარიერას დანიის სუპერლიგაში გააგრძელებს. 19 წლის მარცხენა მცველი ოფიციალურად შეუერთდა "ვეილეს“ და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გიორგი ტაბატაძე "იბერიის“ სისტემაში გაიზარდა და 2024 წლის სეზონში მთავარ გუნდში დაწინაურდა. პირველივე წელს მან საკუთარი შესაძლებლობები ნათლად წარმოაჩინა – 37 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ახალგაზრდა მარცხენა მცველი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახდა და სწორედ ამ წარმატებამ მიიქცია ევროპული სკაუტების ყურადღება.
დანიურმა კლუბმაც ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ქართველ ფეხბურთელზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა.
"საქართველოს ჩემპიონიდან დავიმატეთ 19 წლის ტაბატაძე, რომელიც მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. მან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და უკვე მალე ივარჯიშებს გუნდთან ერთად,“ – წერია "ვეილეს“ განცხადებაში.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიკელ ჰემერსამმა, ტრანსფერი ასე შეაფასა:
"ტაბატაძით მისი ტალანტის გამო დავინტერესდით. მას აქვს სწრაფი პროგრესის პოტენციალი. ჩვენ გვინდოდა კონკურენციის გაძლიერება და მარცხენა ფლანგზე ახალი ენერგიის შემოტანა. გიორგის შეუძლია როგორც დაცვაში, ისე შეტევაშიც მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ის დინამიკურია, სწრაფია და ერთ-ერთში თამაში ძალიან კარგად გამოსდის. დარწმუნებული ვართ, რომ გუნდში საკუთარ სიტყვას იტყვის.“
გიორგიმ "ვეილეში" 21-ნომრიან მაისურს მოირგებს და უკვე ოთხშაბათს ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშებს. კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები მას დიდი მოლოდინებით ხვდებიან – ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი სუპერლიგაში ერთ-ერთ იმ ფიგურად მოიაზრება, რომელიც გუნდს ახალ სიმაღლეებზე მიიყვანს.