იდუმალი სახლი – ნოველა

2 weeks ago 14

იდუმალი სახლი - ნოველა „სარკე“, ხათუნა მაღრაძე

პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა. მამაკაცი, რომელიც ოპერატიულ მუშაკს ელაპარაკებოდა, შეშინებული იყო, ხმა უკანკალებდა.

– სარდაფში სამი ადამიანის გვამია, დამეხმარეთ ვინმე, – ძლივს მოაბა უცნობმა სათქმელს თავი და პოლიციელს თავისი საცხოვრებელი სახლის მისამართი უკარნახა.

უსიამოვნო ბერიკაცი

მიტოვებული სახლი, რომელიც გარეუბანში იდგა, ბათქაშაყრილი იყო, ღობე – აქა-იქ გადაქცეული, ჭიშკრის წინ კი თითქმის ათი წლის განმავლობაში აბრა იყო გამოკრული, წარწერით – „იყიდება სახლი”

ამ გარეუბნის მცხოვრები ამ სახლს არასდროს იყიდდა. მიზეზი მარტივი იყო. წლების წინ იქ ახალგაზრდა ქალმა თავი ჩამოიხჩო – ქმარმა მისაღებ ოთახში თოკზე ჩამოკიდებული იპოვა. მოგვიანებით კაცი ფსიქიარტიულ საავადმყოფოში მოხვდა და მას შემდეგ მეზობლებს მის შესახებ აღარაფერი სმენიათ. ამბობდნენ, საავადმყოფოდან გაიქცა და მის კვალს ვერ მიაგნესო. ასე იყო თუ ისე, სახლი დაიკეტა.

წლების შემდეგ სახლს მყიდველი გამოუჩნდა. მისი მფლობელების ნათესავისგან სახლი ახალშეუღლებულმა წყვილმა შეიძინა და აბრაც ჩამოხსნა.

– თქვენ ალბათ არ იცით, რომ ამ სახლში მოჩვენებები ცხოვრობენ, – ოჯახის ახალ უფროსს, სოსო ხითარიშვილს, სწორედ ეს აბრა ეჭირა ხელში, როცა ეზოში მამაკაცის ეს სიტყვები გაიგონა. მისკენ მიტრიალდა.

– ხუმრობთ, არა? – შეეცადა, წყენა არ შეემჩნია. ეზოში შესულ ასაკოვან მამაკაცს კუბოკრული პიჯაკი ეცვა მაჯებზე გადაქექილი და ფერდაკარგული. გალიფე შრვალი უცნაურად ღია ფერის იყო და მოხუცი კაცის გამომეტყველებას საერთოდ არ შეეფერებოდა.

– ჩათვალეთ, რომ ვხუმრობ, – მოკაუჭებულ, დალაქავებულ ცხვირზე ხელი ჩამოისვა ბერიკაცმა და შეტრიალდა, გასასვლელისკენ წავიდა. სოსოს მისი შეჩერება არც უფიქრია, ერთი სული ჰქონდა, არასასიამოვნო სტუმარი თავიდან მოეშორებინა, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. ბერიკაცი ჭიშკართან შეჩერდა და ხმამაღლა მიაძახა მეპატრონეს:

– მაგ აბრას მაინც ნუ გადააგდებ, ვფიქრობ, მალე ისევ გამოგადგება.

სოსომ აღელვებით დახედა აბრას და თითქოს პირველად დაინახა მისი წარწერა. შემდეგ იქვე მოისროლა და აჩქარებული ნაბიჯებით სახლისკენ გაემართა.

– ეს რა საზიზღარი მოხუცი იყო! – ბრაზისგან თითებს იჭამდა, – მის ასაკს ვეცი პატივი, თორემ ასე არ უნდა გამეშვა.

– რაზე ლაპარაკობ? – სოსოს სამზარეულოდან ცოლმა გასძახა.

– იმ კაცზე, წეღან რომ მელაპარაკებოდა.

– რაც ეზოში ხარ, შენთვის თვალი არ მომიშორებია. ფანჯრიდან გიყურებდი, სოსო.

– რა?! – ხითარიშვილს ლამის ბუდიდან ამოუვარდა თვალები, – თუ მიყურებდი, ის საზიზღარი ბებერი როგორ ვერ დაინახე?!

ცოლს სახეზე სიწითლემ გადაჰკრა, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. სამზარეულოში დაბრუნდა, კიდევ ერთხელ დაეჭვებით გაიხედა ფანჯრიდან და სადილის გაკეთება გააგრძელა.

სამი მიცვალებული

სოსო ხითარიშვილმა რამდენიმე დღეში პოლიციის განყოფილებაში დარეკა. სამართალდამცველები შეტყობინების მიღებისთანავე დანიშნულების ადგილზე გამოცხადდნენ. სოსო პოლიციელებს ეზოში დახვდათ. ახალგაზრდა ცოლი გვერდით ედგა. ნონას მკლავში ჩაეკიდა ქმრისთვის ხელი და შეშინებული მთელი ძალით უჭერდა.

– რა ვითარებაში აღმოაჩინეთ ცხედრები? – პოლიციის კაპიტანს ბოხი ხმა ჰქონდა, ცალი წარბი ზევით აეჭიმა და ისეთი გამომეტყველებით უყურებდა სოსოს, თითქოს სკოლის დირექტორი იყო.

– როცა სახლი შევიძინეთ, სარდაფში სინათლე ჩაჭრილი იყო. დღეს გადავწყვიტე, მომეწესრიგებინა, განათება ჩავრთე და ეს დამხვდა, – ხელები უმწეოდ წინ გაიშვირა სოსომ და სარდაფისკენ მიუთითა პოლიციელებს.

– თქვენ ჩადით და დაათვალიერეთ, – მიუბრუნდა ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებს პოლიციის კაპიტანი.

როცა ხელქვეითები სარდაფში ჩავიდნენ, შემზრავი სანახაობა დახვდათ. ორი ადამიანისგან მხოლოდ ჩონჩხი იყო დარჩენილი, ერთი კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს რამდენიმე საათის გარდაცვლილიაო. ცხედარი ახალგაზრდა ქალის იყო, ქერა თმა სარდაფის მტვრით ჰქონდა მოსვრილი, სახეზე ძალადობის კვალი არ ემჩნეოდა, არც სხეულზე, მაგრამ ქალი მკვდარი იყო.

– იქნებ მოკლეს და გვამი აქ მოიტანეს? – სოსო შეშინებული და გაოცებული იყო.

პოლიციის თანამშრომლები მას დაეჭვებით უყურებდნენ. ხითარიშვილების სახლის იატაკის ქვეშ, სარდაფში ადამიანი შეიყვანეს, მოკლეს და ცოლ-ქმარს არაფერი გაუგია? ეს ხომ დაუჯერებელი იყო.

– ადგილზე ექსპერტები იმუშავებენ, თქვენ განყოფილებაში უნდა გამოგვყვეთ, – უთხრა კაპიტანმა სოსოს.

ნახატი

გამოძიება, რასაკვირველია, მკვლელობის მუხლით დაიწყო. მალევე დადგინდა გარდაცვლილი ქალის ვინაობა. როგორც აღმოჩნდა, ის თეონა დგებუაძე იყო. ჩონჩხების იდენტიფიკაციას კი გაცილებით დიდი დრო სჭირდებოდა. როცა სამართალდამცველებმა გარდაცვლილი ქალის ახლობლები მოინახულეს, ერთხანს ვერც კი გაერკვნენ, სისხლის სამართლის დანაშაულთან თუ ჰქონდათ საქმე.

– არ დაიჯერებთ, მაგრამ თეონა სიკვდილისთვის მზად იყო იმ ღამეების შემდეგ, რაც გამოიარა… – თქვა თეონა დგებუაძის დამ. ის ახალგაზდა, სიმპათიური იყო, გემოვნებით ჩაცმული, კარგი მანერებით. ემჩნეოდა, რომ არც განათლება აკლდა, მაგრამ, როცა მას პოლიციის გამომძიებელი უსმენდა, ჩათვალა, რომ დიდი მწუხარების ფონზე ქალს გონება ჰქონდა არეული.

– რა გამოიარა, იქნებ მოგვიყვეთ, – ცალ თვალს კარგად ვერ ახელდა გამომძიებელი. თანდაყოლილი პრობლემა ჰქონდა, სამაგიეროდ ორივე ყურით მშვენივრად ესმოდა და არც გაგონილის გაანალიზება უჭირდა.

– არ მინდა, თეონაზე ცუდად იფიქროთ, მაგრამ ბოლო დროს პრობლემები ჰქონდა. რამდენიმე ღამე თავის ოთახში იყო ჩაკეტილი. კარის მიღმა გვესმოდა, რომ ვიღაცას ელაპარაკებოდა, თუმცა მისი თანამოსაუბრის ხმა არც ერთხელ გაგვიგია.

– ვინ იყო ოთახში მასთან ერთად, არ დაინტერესებულხართ?

– კი. რამდენჯერმე შევედით. თეონას რომ ვკითხეთ, ვის ელაპარაკებიო, აყვირდა: „როგორ, ვერავის ხედავთ?! მოხუცი კაცი ფანჯარასთან დგას, მას ჩემი დახმარება სჭირდება”. მაგრამ იქ თეონას გარდა არავინ იყო.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა? – იკითხა გამომძიებელმა.

– რაღაც წესრიგში რომ ვერ იყო, ფაქტია, – ქალი ფეხზე წამოდგა, კარადასთან მივიდა და თაროდან საქაღალდე გადმოიღო.

– თეონას ხატვა უყვარდა, მაგრამ დიდი ხანია არაფერი დაუხატავს. ეს კი სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დახატა, – გარდაცვლილის დამ საჩვენებელი თითით ჩუმად მოიწმინდა ცრემლი და ნახატი გამომძიებელს გაუწოდა.

ფურცელზე ასაკოვანი მამაკაცი იყო გამოსახული, პიჯაკითა და გალიფე შარვლით. მამაკაცი რაღაც უცნაურად, დამცინავად იღიმოდა. ნახატი ისეთი ცოცხალი იყო, თითქოს მოხუცი ფურცლიდან გადმოსვლას აპირებსო. გამომძიებელს უსიამოვნოდ გასცრა ტანში. ქალს ნახატი გამოართვა, საქაღალდეში ჩადო და აჩქარებით შეკრა.

– დღეისთვის საკმარისია, მოგვიანებით განყოფილებაში გამოგიძახებთ, – ფეხზე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით სახლიდან გავიდა.

შიში

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სარდაფში ნაპოვნი გვამები 28-30 წლის ქალების იყო. გარდაცვალების ზუსტი თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა, სავარაუდოდ, ცხედრები 10-12 წლის განმავლობაში ამ სარდაფში იყო გადამალული.

– სიკვდილის მიზეზის დადგენა გაჭირდება, ჯერ ცხედრების იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს, – გამომძიებელი რაიონის პროკურორთან საქმის მსვლელობის დეტალებს განიხილავდა, – თეონა დგებუაძე ერთადერთი იმედია, რომ მკვლელს მივაგნებთ. ყველა დეტალი გულდასმით შეისწავლეთ, შეუძლებელია, დამნაშავეს სხეულზე ან დანაშაულის ადგილზე კვალი არ დაეტოვა…

სოსო ხითარიშვილი და მისი ცოლი კი ცდილობდნენ, ცხოვრება გაეგრძელებინათ და ამ ამბავზე აღარ ელაპარაკათ. ეჭვები მათ ბრალეულობასთან დაკავშირებით არ დადასტურდა. ახალგაზრდა წყვილმა ფანჯრებზე გისოსები დააყენა და ცენტრალური შესასვლელის ხის კარიც რკინის კარით შეცვალა, მაგრამ სიმშვიდე მაინც ვერ მოიპოვა.

სწორედ იმ პერიოდში სოსოს ცოლმა, ნონამ, სამსახური დაკარგა. ფინანსური თვალსაზრისით ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ის ადარდებდა, რომ სახლში დიდი დროის გატარება მარტოს მოუწევდა.

საზარელი ამბავი

1998 წლის 14 თებერვალს სოსო ხითარიშვილი პოლიციის განყოფილებაში ისევ დაიბარეს. მის მიერ სარდაფში აღმოჩენილი „სამარხიდან” უკვე ორი თვე იყო გასული. სოსო სამსახურიდან პირდაპირ გამომძიებელთან შესახვედრად წავიდა. მანამდე რამდენჯერმე დარეკა ცოლთან, მაგრამ ნონამ მის ზარებს არ უპასუხა.

განყოფილებაში ისევ ის წარბაწეული პოლიციის კაპიტანი დახვდა.

– ბატონო სოსო, ძალიან ვწუხვარ… – მის ხმაში მბრძანებლური ტონი გამქრალიყო და თანაგრძნობა ისმოდა.

სოსომ ფერი დაკარგა. უნდოდა, ეკითხა, რა მოხდაო, მაგრამ პირი გამშრალი ჰქონდა და სიტყვის წარმოთქმა ვერ შეძლო.

– გამომყევით, ვიცი, ძალიან ძნელია, მაგრამ გვამის ამოცნობა მოგიწევთ.

– რა?! – ძლივს ამოთქვა და კედელს შეახო ხელი, რომ არ წაქცეულიყო.

– ორი საათის წინ შეტყობინება შემოვიდა, თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ გადახტა ქალი ხიდიდან. მაშველები გამოიძახეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, – უთხრა კაპიტანმა და დაამატა, – სავარაუდოდ, ის ნონა ხითარიშვილია, თქვენი მეუღლე…

სოსოს თვალწინ საგნები ერთმანეთში აირია, მერე სიბნელე გაჩნდა და გარშემო ყველაფერი შთანთქა. სოსოს მხოლოდ ხმა ესმოდა: „ექიმი გამოიძახეთ, ცუდადაა!”.

ისევ აჩრდილი

– მესმის თქვენი მდგომარეობა, მაგრამ მოგვიწევს სავალდებული პროცედურის გავლა, რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ, – სოსო გამომძიებელის კაბინეტში იჯდა და ისე ეჭირა თავი, თითქოს მისი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ გაუგონია.

– ბატონო სოსო, მისმენთ? – იკითხა იურისტმა და ნახევრად გახელილი თვალით შეხედა.

ხითარიშვილი სკამიდან წამოიწია, გამომძიებლის მაგიდისკენ გადაიხარა, გაშლილ ქაღალდებს შორის ერთი ფურცელი ამოარჩია, აიღო და გაფართოებული თვალებით დააჩერდა.

– ეს კაცი ჩემს ეზოში იყო, ეს არის მკვლელი, მას უნდოდა ჩვენი სახლის მისაკუთრება!

გამომძიებელი სავარძელზე გადაწვა და სათვალის ზემოდან ახედა სოსოს.

– თქვენ რა, პირი შეკარით?

– რას გულისხმობთ? – იკითხა გაფითრებული სახით ხითარიშვილმა.

– ეს თეონა დგებუაძის ნახატია, გარდაცვლილის და ამბობს, რომ სიკვდილის წინ ეს ბერიკაცი თეონას ოთახში სტუმრობდა და დიდხანს საუბრობდნენ, თუმცა თეონას გარდა მას ვერავინ ხედავდა, – აქ ირონიით ჩაიცინა გამომძიებელმა და ფეხზე წამოდგა, – თავი მისტიკური ჟანრის მოთხრობის პერსონაჟი მგონია.

სოსომ ნახატს თვალი მოაშორა და თვალწინ გარდაცვლილი მეუღლე დაუდგა. ის დღე გაახსენდა, როცა ბერიკაცი ნახა, გაახსენდა, ნონა როგორ გაოცდა, იქ შენ გარდა არავინ ყოფილაო.

– ბატონო სოსო, კარგად ხართ? – გამომძიებელი თვალს არ აშორებდა ხითარიშვილს, რომელიც ანგარიშმიუცემლად ოთახში დადიოდა და თვალს არ აშორებდა ნახატს.

– ვინ არის? – იკითხა მოულოდნელად სოსომ და გამომძიებელს შეხედა.

– არ ვიცი, – სინანულით ჩაილაპარაკა იურისტმა, – ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი რამის დადგენა მოვახერხეთ. იმ სახლმა, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, ბოლო 50 წლის განმავლობაში რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა. სამწუხაროდ, ყველამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

– იქნებ ერთ-ერთი გარდაცვლილი მეპატრონის სულია, იქნებ მართლა მოჩვენებები ცხოვრობენ იმ სახლში? – სოსო თითქოს გამოფხიზლდა.

– არა, ბატონო, ჩვენ ვიპოვით დამნაშავეს, – წამოიძახა გამომძიებელმა, – პოლიციას მოჩვენებების არ სჯერა.

პოლიციამ დამნაშავე ვერ იპოვა… სოსო ხითარიშვილმა კი ბოლო წლების განმავლობაში ალბათ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა შინ დაბრუნებულმა საკუთარ ნივთებს მოუყარა თავი, დიდ სპორტულ ჩანთაში ტანსაცმელი და ფოტოსურათები ჩაალაგა და სახლის კარები გასაღებით დაკეტა.

სარდაფის წინ მიგდებული, წვიმით გაჟღენთილი აბრა მოძებნა, ღობეზე ჩამოკიდა და, როცა ჭიშკრიდან გავიდა, ერთხელ კიდევ მიიხედა უკან. შორს, ეზოს სიღრმეში ბერიკაცი იდგა პიჯაკითა და გალიფე შარვლით, რომელიც მისი ასაკისთვის შეუფერებელი, ღია ფერის იყო. ეზოს წინ კი აბრა ქანაობდა, წარწერით „სახლი იყიდება”.

სრულად წაკითხვა