ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი, აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორი, პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.
29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი. ინაუგურაციაზე არ არიან მიწვეულები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.
2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, - რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობენ, - „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, უყარა.
„აქ ვარ და აქ ვრჩები“, - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წინა საღამოს და მეექვსე პრეზიდენტად ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.
22 დეკემბერს კი სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიან შეკრებას მიმართა და პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და თქვა, რომ მათ 29 დეკემბრამდე უნდა შეათანხმონ ახალი არჩევნების თარიღი.