სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა დღეს, 27 დეკემბერს დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს ჩრდილოეთ კორეის არმიის ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.
ამის შესახებ სააგენტოები AFP და Yonhap-ი წერენ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. ერთი დღით ადრე, 26 დეკემბერს სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ჩანს უკრაინელი სამხედროების მიერ დატყვევებული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი
სამხრეთ კორეის დაზვერვამ ფაქტი დაადასტურა „მეგობარი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან“ ინფორმაციის გაცვლით. როდის და კონკრეტულად სად დაატყვევეს ჩრდილოკორეელი სამხედრო, რომელიც სავარაუდოდ, დაჭრილია, ჯერჯერობით უცნობია. უკრაინას ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ ჯერ არაფერი უთქვამს.
პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ფხენიანმა ათასობით სამხედრო გაგზავნა და ისინი კურსკის ოლქში მოქმედებენ, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა. უკრაინული მხარის მონაცემებით, ჩრდილოკორეელი სამხედროების რიცხვი 12 000-მდეა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს. უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.
უკრაინის პრეზიდენტმა 23 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.
ზელენსკის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სამხრეთ კორეის მედიასაშუალებები დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 1100 ჩრდილოკორეელი სამხედრო.