40
“თანაინვესტირების ფონდი”, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია იურიდიულ სტრუქტურას იცვლის – ფონდის რამდენიმე მსხვილი კომპანია 24 აგვისტოს საჯარო რეესტრში დაფიქსირებული განცხადებიდან გამომდინარე კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული GCF LP-ის ნაცვლად, პირდაპირ ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადარეგისტრირდა. აქამდე კაიმანის კუნძულებზე GCF LP-ის საბოლოო მესაკუთრე ისედაც ეკატერინე ხვედელიძე იყო, თუმცა ახალი მოწყობით, ის ფონდის აქტივების მფლობელი იქნება უშუალოდ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით.
24 აგვისტოს მფლობელის ცვლილების განაცხადები დარეგისტრირდა “აქსის თაუერსში”; “გალერია ჰოლდინგში” (სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი”); ასევე “მტკვარი ჰესის” მფლობელ კომპანია “მტკვარი ჰოლდინგში” და “პლანტას” მფლობელ – “აგრო ჰოლდინგში”. მათი 100%-ის მესაკუთრე ეკატერინე ხვედელიძე გახდა.
თანაინვესტირების ფონდი აქამდე კაიმანის კუნძულებზე; ასევე ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით ფლობდა საქართველოში არსებულ აქტივებს, თუმცა 2024 წლის ბოლოდან ფონდის სტრუქტურის ეტაპობრივი ცვლილება დაიწყო, 2025 წლის იანვარში ამისთვის დაფუძნდა კომპანია „ჯი სი ეფ საქართველო“, ხოლო ახლა კი ფონდის რამდენიმე მსხვილი აქტივი პირდაპირ ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადარეგისტრირდა.(ბიემჯი)
,,გაქცევა ოფშორებიდან” უწოდა ამ ფაქტს ირაკლი აბესაძემ და დაწერა:
,,ივანიშვილის გაქცევა ოფშორებიდან ფაქტობრივად სრულდება.
თანაინვესტირების ფონდის კუთვნილი ბიზნესები ივანიშვილმა საქართველოში გადმოარეგისტრირა საკუთარი მეუღლის ეკა ხვედელიძის სახელზე:
▪️შპს მტკვარი ჰოლდინგი
▪️ შპს აქსის თაუერს
▪️ შპს გალერია ჰოლდინგი
▪️ შპს გრინჰაუზ ჰოლდინგი
▪️ შპს აგრო ჰოლდინგი
▪️ შპს რიზორთ ჰოლდინგი
▪️ შპს ემვი ჰოლდინგი
ამ კომპანიების საბოლოო დედა კომპანია კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული GCF LP იყო. კაიმანის კუნძულები ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშაა და გასაგებია, რისი შიშიც აქვს ივანიშვილს.
ამ ტრანზაქციების დროსაც დიდი ალბათობით ივანიშვილის ოჯახი ისარგებლებდა ფაქტობრივად მხოლოდ მათთვის საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ქონების გადმოტანა გადასახადებისგან საქართველოში თავისუფლდება.
საერთაშიროსო alia.ge