WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაარსებული, „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ წელს უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს გადაეცა.

უკრაინაში მებრძოლების სახელით ჯილდო ომის ვეტერანმა კონსტანტინე ჯღამაიამ ჩაიბარა.
პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს სახელით დაჯილდოებაზე განაცხადეს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით პირველად არის რომ ჯილდო არა რომელიმე კონკრეტულ პირსა თუ ორგანიზაციას, არამედ რუსეთის, როგორც ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას და ამ იდეის ჯგუფურ მონაწილეებს გადაეცემა.

„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდო, რომელიც 2017 წელს დაარსდა, ილიას მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში, ყოველწლიურად გაიცემა.

წინა წლებში ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია მინიჭებული აქვთ: გაზეთ „ბათუმელებს“ (მზია ამაღლობელი, ეთერ თურაძე), ზემო ნიქოზის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ალექსანდრე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლას; ეთერ ვანიშვილს, ზურაბ კიკნაძეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ილიკო და ნინო სუხიშვილებს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას, როსტომ ჩხეიძესა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოს გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს სარეკომენდაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

  • ბეჟან ჯავახია — ისტორიკოსი, ილიაუნის პროფესორი
  • იულონ გაგოშიძე — არქეოლოგი, ხელოვნების დოქტორი
  • ნინო ზაუტაშვილი — მედია-მენეჯერი, ჟურნალისტი
  • ირაკლი ლომოური — მწერალი, მთარგმნელი
  • ნინო კასრაძე — მსახიობი
  • გიორგი სავანელი — რეჟისორი, დრამატურგი
  • ბექა ქურხული — მწერალი, სამხედრო კორესპონდენტი
  • დეკანოზი გიორგი წეროძე — თეოლოგი, ფილოსოფოსი
  • ნინო სადღობელაშვილი — პოეტი, დრამატურგი