„სარკე“, ხათუნა მაღრაძე
მომღერალ ლაშა ღლონტის ცხოვრებაში ერთხელ ისეთი რამ მოხდა, რამაც ფეხბურთს დიდი მომავლის მქონე მოთამაშე წაართვა – გული გაუტყდა და მოედანს აღარ გაეკარა. დარწმუნებულია, რომ არა ეს შემთხვევა, გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი იქნებოდა, ვიდრე მომღერალია.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშმა მომღერალს ის სიამაყე დაუბრუნა, რაც 1981 წელს “დინამოს” ისტორიული გამარჯვებისას ჰქონდა “კარლ ცაისთან”. ლაშა ფეხბურთის ფან ცოლთან, თეა ახალაძესთან, ერთად ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში გულშემატკივრობდა. ემოციებზე, რომლებიც იქ განიცადეს, მომღერალმა “სარკეს” უამბო და თავისი სპორტული წარსულიც გაიხსენა.
– ლაშა, როგორც ვიცი, გასტროლებზე იყავით უცხოეთში ანსამბლ “ალილოსთან” ერთად, რასაც დაემთხვა ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაში ჩეხეთთან. თავიდანვე იცოდით, რომ დაესწრებოდით ამ მატჩს?
– გასტროლები სულ გვაქვს, მთელი წლის განმავლობაში საქართველოშიც, უცხოეთშიც და ფეხბურთზეც ძალიან ხშირად დავდივართ. ბევრ თამაშზე ვარ ნამყოფი. ვიცოდი, ჩეხეთთან თამაში ძალიან რთული და საეტაპო იქნებოდა და ამიტომ შევარჩიეთ ბილეთი წინასწარ, დიდი ხნით ადრე. სიმართლე გითხრათ, რომ მცოდნოდა, ჯგუფიდან გავიდოდით, 30 ივნისის ბილეთსაც სიამოვნებით შევიძენდი, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ არ მჯეროდა, თუ პორტუგალიასთან გავიმარჯვებდით.
– ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივარი ხართ?
– გაგეცინებათ და, ადრე ძალიან მაგრად ვთამაშობდი ფეხბურთს. გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი ვიქნებოდი, ვიდრე მომღერალი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამიტომ გულშემატკივარი ვარ, რა თქმა უნდა და მესმის ფეხბურთი.
– რატომ დაანებეთ თავი თამაშს?
– რასაც ახლა ვიტყვი, ეს არასოდეს მითქვამს. ახალგაზრდა ვიყავი. ერთ-ერთი ქალაქის საფეხბურთო სკოლის ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი. შეცვლაზე შევედი. 2:0 აგებდა გუნდი და 4:2 მოვიგეთ. 4-ვე გოლი მე გავიტანე, თან ბოლო – მაკრატელათი, ულამაზესი. როცა თამაში დამთავრდა, მწვრთნელმა არც კი შეიმჩნია. ძალიან მეტკინა გული და წამოვედი. ბავშვი ვიყავი.
– მას შემდეგ არ გითამაშიათ?
– არა. თამაშის დროს ხალხი ჩემს სახელს ყვიროდა სტადიონზე. მწვრთნელმა კი ამას ყურადღება არ მიაქცია. ძალიან მეტკინა გული და საბოლოოდ ჩამოვშორდი ფეხბურთს.
– სევდიანი ამბავია, თუმცა ფეხბურთს რომ გაჰყოლოდით, ვინ იმღერებდა ლაშა ღლონტივით?
– ფეხბურთი უკეთესად გამომივიდოდა, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა… ჩემი მეუღლე ძალიან სერიოზული გულშემატკივარია, ერთად დავდივართ სულ ფეხბურთის თამაშებზე, მაგრამ ის უფრო ჩართულია, ვიდრე მე და უფრო ემოციურიცაა. მეუღლე “ბარსას” ფანია, შვილი – “რეალის”. წავიყვანე მათ თამაშზე და დახოცეს ერთმანეთი!.. (იცინის).
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ „სარკეში“