„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იმ სარჩელის სტანდარტის მიხედვით, რომლითაც მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, მთავარი ასაკრძალი პარტია თავად „ქართული ოცნებაა“.
ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 29 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
„სარჩელში არსებული სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი პარტია თუ ერთადერთი არა, რომელიც აკრძალვას ექვემდებარება კონსტიტუციური კრიტერიუმებით არის „ქართული ოცნება“.
ხუთივე საფუძვლის სარკისებური წაკითხვა, რაშიც ვგულისხმობ მათი სარჩელის სტანდარტის მიხედვით აპლიკაციას, ერთ რამეს აჩვენებს – სარჩელის განმარტებით, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი „ყოველ მმართველ ძალას, რომელიც კონსტიტუციურ კურსს ცვლის, ოპოზიციას სჯის და პროტესტს ძალით შლის“ უფრო ზუსტად აღწერს [„ქართულ ოცნებას“], ვიდრე ოპოზიციას. ოპოზიციას, რომელიც ითხოვს არჩევნებს, სამართლიანობას და თავისუფლებას უკანონო პატიმრებისთვის.
შესაბამისად, თუ იმგვარად წავიკითხავთ ნორმას და იმგვარ სტანდარტებს მივუყენებთ ქმედებებს, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, პლურალისტური წესრიგის დამრღვევი ავტომატურად წაიკითხება როგორც კონსტიტუციის დამრღვევი და ძალაუფლების მიმთვისებელი. შესაბამისად, ნორმების განმარტების იმ სისტემით, რომელსაც გვთავაზობს მოსარჩელე, ასაკრძალი პარტია არის თავად „ქართული ოცნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
netgazeti