3
ბიზნესმენი, ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ მის ბიზნესს TV Imedi-ს ფლობა “ხელს უშლის”, თუმცა პარალელურად აღნიშნავს, რომ მისი დახურვა ან გაყიდვა “სანამ ნაციონალური მოძრაობა არსებობს” არ სურს.
კითხვაზე, რატომ ინახავს ტელევიზიას ამდენი წელი, ის პასუხობს:
“რა უნდა გავუკეთო? რამდენიმე ვარიანტი მაქვს: ან უნდა დავხურო, რომელიც ძალიან მენანება იმედი რომ დაიხუროს, ყველაზე დიდი ტელევიზიაა საქართველოში ან უნდა გავყიდო და წამგებიანი ტელევიზიის გაყიდვა რას ნიშნავს, რომ ამის მყიდველი არის მხოლოდ ისეთი ადამიანი, ვისაც აინტერესებს პოლიტიკა საქართველოში – ეს არის ან სააკაშვილი, ან ივანიშვილი, ან ბაიდენი, ან პუტინი, ან არ ვიცი, ვის აინტერესებს. ამიტომ, მე არ ვიცი, როგორ უნდა გავყიდო იმედი ან ვინ არის ისეთი ადამიანი, რომ მოვა და მეტყვის, იმედი მომყიდეო.
მე ახლა რასაც ვიტყვი, ამას ვერ დავამტკიცებ მათემატიკურად და შეიძლება, არც არის მართალი და შეიძლება ჩემ თავს ვატყუებ რაღაც ამბავში, ცოტათი, მაგრამ მე სულ ვიძახი, რომ ნაციონალური მოძრაობა რომ არ იყოს, მე ჩაციკლული ვარ ნაციონალურ მოძრაობაზე, რომ არ იყოს – ა – იმედი სხვანაირი იქნებოდა და მაშინ მე ნაკლებად მექნებოდა პრობლემა ალბათ შენახვისაც და ალბათ, გადაცემისაც ვინმესთვის. სადამდეც ნაციონალური მოძრაობა, მე მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად საშიში საქართველოსთვის და ამიტომ, ასე დავუმტკიცე ჩემ თავს, რატომ წამოვიღე ბადრისგან იმედი – რომ ეს იმედი არის ის, რაც უნდა დაეხმაროს ამ ქვეყანას და მე, პირველ რიგში, მეც ბიზნესს ვაკეთებ, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში არ მოხდეს და არ მობრუნდეს უკან”, – ამბობს ირაკლი რუხაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, “სჭირდება თუ არა იმედი ფარად და იარაღად იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს”, ირაკლი რუხაძე ამბობს:
“ჩემთვის და ქვეყნისთვისაც [მჭირდება], ალბათ, უფრო ქვეყნისთვის. რაღაც ამბავში, ქველმოქმედებასავით უფროა და ხო, აბსოლუტურად”, – ამბობს ირაკლი რუხაძე(ფორმულა)