ინაუგურაციის შემდეგ ყაველაშვილი და კობახიძე სიღნაღში, სასტუმრო „ბოდბეში“ ელჩების კონფერენციას დაესწრნენ

2 days ago 4

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, კვირას, ის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრები დაესწრნენ ელჩების კონფერენციას, რომელიც სიღნაღში, სასტუმრო „ბოდბეში“ მიმდინარეობს. სასტუმრო ფონდ „ქართუს“ მონაწილეობით აშენდა.

ელჩები პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრაზე

ელჩები პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრაზე

ელჩების კონფერენცია 28 დეკემბერს გაიხსნა და მასში მონაწილეობას იღებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

29 დეკემბერს ელჩები სასტუმრო „ბოდბედან“ ადევნებდნენ თვალს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიას პარლამენტის სასახლეში, დღის მეორე ნახევარში კი „ბოდბეში“ თავად მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და სხვა ლიდერები მივიდნენ.

როგორც საქართველოს მთავრობის პრესცენტრი იუწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა.

 მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი ელჩებთან შეხვედრაზე

მარცხნიდან მარჯვნივ: მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი ელჩებთან შეხვედრაზე

სამუშაო ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

  • მიხეილ ყაველაშვილი,
  • შალვა პაპუაშვილი,
  • საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი,
  • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

მთავრობის ცნობითვე, ირაკლი კობახიძემ „ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა“.

სასტუმრო „ბოდბე“, სადაც ამბასადორიალი იმართება, 2024 წლის 20 ოქტომბერს გაიხსნა, - დაგეგმილი თარიღიდან წელიწად-ნახევრის დაგვიანებით.

გახსნის ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა და მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ და კომპანია „სმარტ კაპიტალს“ „არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისათვის“.

მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის სასახლეში.

მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები მიწვეულები არ ყოფილან, რის მიზეზადაც რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესცენტრში ადგილების სიმცირე დაუსახელეს.

ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევს როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისი პარტნიორთა დიდი ნაწილი.

უკვე 32 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

სრულად წაკითხვა