WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის გელა (გეკა) გელაძის გადადგომა გელაძის ინიციატივა იყო და არა მმართველი გუნდისა.

14 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ რადიო თავიფლების კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„კონსულტაციები გუშინ გვქონდა. ამ კონსულტაციების დეტალების გარეთ გამოტანა არ ვფიქრობ, რომ არის საჭირო. მას ჰქონდა თავისი პირადი პოზიცია, რითი იყო ეს ყველაფერი განპირობებული“.

მან ასევე განაცხადა, რომ პირადად თავისი და მმართველი გუნდის პოზიცია გელაძის მიმართ ასეთია: „ბატონი გეკა გელაძე განსაკუთრებულად გამოირჩევა თავისი კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით“.

რადიო თავისუფლებს დამაზუსტებელ კითხვაზე, გუნდმა შესთავაზა თუ არა მას შს მინისტრის მოადგილის პოზიცია, უპასუხა: „კონსულტაციების შედეგად ასე ჩამოვყალიბდით“.

- რადიო თავისუფლება: „მას აღარ სურდა სუსის ხელმძღვანელობა?“

- ირაკლი კობახიძე: „დიახ. მისგან მოდიოდა ინიციატივა, შემდეგ კონსულტაციების საფუძველზე ჩამოვყალიბდით“.

საკადრო ცვლილებები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გელა (გეკა) გელაძე, რომელმაც 14 სექტემბერს ფეისბუკით გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება.

გელა გელაძე, რომელიც 2025-26 წლებში, 11 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ახლა მინისტრის მოადგილედ ინიშნება.

მისი ახალი პოზიცია „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა 14 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბრიფინგზე გელა გელაძე არ გამოჩენილა.

გელა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ხუთი თვის განმავლობაში იმსახურა.

1.5 წელიწადში სუსის მე-4 უფროსი გადადგა

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში გელა გელაძე იყო უსაფრთხოების სამსახურის მეოთხე უფროსი, რომელმაც პოსტი ვადაზე - ექვს წელიწადზე, - ადრე დატოვა.

მისი წინამორბედები იყვნენ მამუკა მდინარაძე (დატოვა პოლიტიკა), ანრი ოხანაშვილი (საჯარო სივრცეს ჩამოშორდა) და გრიგოლ ლილუაშვილი (დაპატიმრებულია ქრთამის აღების ბრალდებით).

რადიო თავისუფლების კითხვაზე სწრაფ ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ხელისუფლებაში უამრავი როტაცია განხორციელდა, თუმცა ერთადერთი, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება“.

„გუნდის გაჯანსაღება“

„გუნდს მუდმივად სჭირდება გაჯანსაღება, როტაცია. ეს ხორციელდება სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პირადით“, - თქვა მან და დასძინა, რომ „არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა ეს დაადასტურა“.

მისი თქმითვე, იყო შემთხვევები, როდესაც საკადრო ცვლილებები ხარვეზებით, ნაკლოვანებებით, ასევე კორუფციული რისკებით იყო განპირობებული, თუმცა „თუმცა ეს დღევანდელ შემთხვევას არ შეეხება“.

წინა საკადრო ცვლილებები

ორიოდე დღით ადრე, 12 სექტემბერს, თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა.

  • შემოსავლების სამსახურის უფროსი იყო მიხეილ მაღლაკელიძე: ამ პოსტზე 2026 წლის 27 აპრილს დაინიშნა (მანამდე ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო 10 თვის განმავლობაში, ხოლო კიდევ უფრო ადრე, 2019-25 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა);
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (იგივე „ფინანსური პოლიციის“) უფროსი იყო ლევან ხარაბაძე; ის მანამდე, 2025-26 წლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო - მამუკა მდინარაძის უფროსობისას.

ოპოზიციაში ცვლილებებს სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის წასვლას უკავშირებენ.

თუმცა 14 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ამ ცვლილებებზე განაცხადა:

„თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები“.

„ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.