ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის(FIFA) მოქმედი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოსთვის მხარდაჭერის გამოცხადებით დასრულდა FIFA-ს მმართველი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც 5 აგვისტოს გაიმართა მაროკოს დედაქალაქ რაბატში.
საგანგებო სხდომა მოიწვიეს კონფლიქტის გამო, რომელიც გამოიწვია ინფანტინოს გეგმამ (FIFA Forward Enterprise) საერთაშორისო ტურნირების ნაწილობრივ პრივატიზაციისა და კერძო ინვესტორებისთვის გადაცემის შესახებ.
ამ წინადადებამ არაერთი ეროვნული საფეხბურთო ფედერაციის კრიტიკა გამოიწვია. ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი (UEFA) დაიმუქრა, რომ FIFA-ს მიერ დაფინანსებულ ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებდა, თუ ორგანიზაცია თავის გეგმაზე უარს არ იტყოდა. ინფანტინოს გეგმას დაუპირისპირდა თავად FIFA-ს გენერალური მდივანი მატიას გროფსტრემიც.
1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ჯანი ინფანტინომ გეგმაზე უარი თქვა.
რაბატში 5 აგვისტოს გამართული სხდომის შემდეგ, რომელშიც FIFA-პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და გენერალური მდივანი მატიას გროფსტრემიც მონაწილეობდნენ, ორგანიზაციამ გვიან ღამით თავის საიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ გენერალურმა მდივანმა და მმართველი საბჭოს წევრებმა სრული მხარდაჭერა დაუდასტურეს ჯანი ინფანტონოს, როგორც ორგანიზაციის წევრი 211 ასოციაციის მიერ არჩეულ ხელმძღვანელს, ინფანტინომ კი სრული მხარდაჭერა დაუდასტურა გენერალურ მდივანს და FIFA-ს ადმინისტრაციას.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, სხდომაზე აღიარებული იყო FIFA Forward Enterprise-თან დაკავშირებული შეცდომები და ისიც, რომ პროცესი სხვაგვარად უნდა წარმართულიყო და, რომ შეცდომები იყო მას შემდეგაც, რაც ამ წინადადების შესახებ ინფორმაციამ მასმედიაში გაჟონა.
FIFA-ს წევრ ასოციაციებს გაეგზავნა ინფანტინოს და გროფსტრემის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომ შეცდომებისთვის ბოდიშს იხდიან და მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
radiotavisupleba ახალი ამბები