ირაკლი კობახიძე: 2031 წელს უკვე ჩვენ შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში

6 days ago 2

თბილისის ახალი აეროპორტის აშენების ვადამ გადაიწია. ვაზიანის აეროპორტი მგზავრებს 2028 წლის ნაცვლად, 2031 წლიდან მოემსახურება. ეს გაირკვა სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური მოხსენების დროს.

„მოსამზადებელი სამუშაოები არის უკვე დაწყებული. დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე ჩვენ შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ ყოველწლიური მოხსენების დროს.

ახალი აეროპორტის აშენების იდეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2023 წელს გააჟღერა. იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ საერთაშორისო კლასის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყებოდა.

„ჩვენი ვარაუდით, ამას დასჭირდება 3 წელი - 2028 წლის ბოლოს შევძლებთ, რომ გვქონდეს თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ პირველი ფრენებიც განხორციელდეს და ეს აეროპორტიც სრულად დავტვირთოთ“, - განაცხადა 2024 წლის აპრილში იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტი აქვს, აქედან ორს, ბათუმისა და თბილისის აეროპორტებს, „ტავ ურბან საქართველო“ მართავს. სახელმწიფოსთან 2005 წელს გაფორმებული კონტრაქტით, ამ უფლებას კომპანია 2027 წლამდე ფლობს. იმავე ხელშეკრულებით, არ შეიძლება, რომ თბილისის აეროპორტიდან 150 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო აეროპორტი აშენდეს. GOOGLE MAP-ის მიხედვით, თბილისის აეროპორტიდან ვაზიანის ყოფილ აეროდრომამდე დაახლოებით 15 კილომეტრია.

ახალი აეროპორტი, რომლის აშენებაზეც „ქართული ოცნება“ ბოლო ორი წელია საუბრობს, თბილისის გარეუბანში, ვაზიანში უნდა აშენდეს. იქვე მდებარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა და ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი.

სრულად წაკითხვა