“ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული მხარე „მოთმინებით ელოდება“ ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს.
„ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. იმედია, რომ ჩვენ ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას. ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ ხასიათს მიანიჭებს სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა განმცხადებლებს 50 ქვეყნიდან, ძირითადად აფრიკიდან, აშშ-ის ვიზაზე განაცხადის შეტანისას 20 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოეთხოვოთ.
31 ივლისს გამოქვეყნებულ ფედერალურ შეტყობინებაში ჩამოთვლილ 50 ქვეყანას შორის არის საქართველოც.
Reuters-ის თანახმად, ფედერალური რეესტრის შეტყობინება ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც გაიცემა ბიზნესისა და ტურიზმისთვის.
„საკონსულოს თანამშრომლებმა შეიძლება არასაიმიგრაციო ვიზებზე განცხადების შემტანებისგან 20 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოითხოვონ ვიზის გაცემის პირობად, როგორც ეს განსაზღვრულია საკონსულოს თანამშრომლების მიერ,“ ნათქვამია შეტყობინებაში.
„2025 წლისთვის სავიზო დეპოზიტების შემოღების საპილოტე პროგრამამ, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტს, შიდა უსაფრთხოების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საფუძველი შეუქმნა სავიზო დეპოზიტების ადმინისტრირების პროგრამის მიზანშეწონილობის შესაფასებლად, საკმარის მონაცემებს იძლევა ვარაუდისთვის, რომ სავიზო დეპოზიტების პროგრამა ეფექტიანი ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ ვიზის მქონეთა შორის უზრუნველყოფილ იქნეს მოთხოვნების დაცვა,“ - წერია ფედერალურ შეტყობინებაში.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში საკონსულო თანამშრომლებს შეეძლოთ მოეთხოვათ დეპოზიტი 5000 დოლარის, 10000 დოლარის ან 15000 დოლარამდე ოდენობით. საბოლოო წესი გამორიცხავს 5000 დოლარის ვარიანტს და მაქსიმალურ გირაოს 20000 დოლარამდე ზრდის.
ამრიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა 2024 წლის ნოემბერში .
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში.

10 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·